ახალი ამბები

მოქალაქეებს, სოციალური დახმარების ნაცვლად, სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ — ღარიბაშვილი

22 ნოემბერი, 2021 • 1265
მოქალაქეებს, სოციალური დახმარების ნაცვლად, სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოქალაქეებს, დახმარების ნაცვლად, სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ. ამის შესახებ მან დღეს, 22 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა ახალ სოციალურ პოლიტიკას რამდენ კვირაში წარადგენს. მისი თქმით, არსებული სოციალური პოლიტიკა აჩვენებს, რომ ზრდასრული შრომისუნარიანი მოსახლეობა უმუშევრობას, სიღარიბესა და უმოქმედობას „შეაჩვიეს“.

„დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს ახალი სამუშაო იმის შიშით, რომ მას შემდეგ სახელმწიფომ სოციალური დახმარება არ მოუხსნას. არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და ეს არის კატასტროფა და შემაშფოთებელი. მთავრობამ უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები“, — თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მთავრობაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოადგენს ახალ სოციალურ პოლიტიკას, თუ როგორ უნდა შეიცვალოს არსებული სისტემა.

„ჩვენ უნდა შევქმნათ საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები. ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ათასობით და ათი ათასობით თითოეული ქალაქისა და მუნიციპალიტეტისთვის“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი