ახალი ამბები

შსს-ს თქმით, პოლიციელმა ტვ პირველს სასამართლო დავა მოუგო – არხი ასაჩივრებს

20 ნოემბერი, 2021 • 3059
შსს-ს თქმით, პოლიციელმა ტვ პირველს სასამართლო დავა მოუგო – არხი ასაჩივრებს

შენიშვნა: მასალა განახლდა ტვ პირველის საპასუხო კომენტარით

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ტელეკომპანია „პირველს“ სასამართლო დავა მოუგო. ტვ „პირველში“ ამბობენ, რომ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ და ამასთან, მოწმეს ცრუ ჩვენებისთვის პროკურატურაში უჩივიან.

შსს-ს ცნობით, უწყების თანამშრომელს, გელა კვაშილავას და ტვ „პირველს“ შორის მიმდინარე დავაზე მოსამართლის გადაწყვეტილებით, „ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული, პატრულ-ინსპექტორის ღირსებისა და პატივის შემლახველი ინფორმაცია ცილისმწამებლური იყო“.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ ტელეკომპანიას პატრულ-ინსპექტორის მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე შაბათის გადაცემის ეთერში დაავალა გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ“, – წერს შსს.

უწყების თანახმადვე, საუბარია 2021 წლის 30 იანვარს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე, სადაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაური, გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში დაადანაშაულეს.

„ამავე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მისი სურათი, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განუმარტა, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა“, – წერს შსს.

კვაშილავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი თებერვალში წარადგინა.


„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საქმეზე მოწმემ ცრუ ჩვენება მისცა, მოსამართლე მხოლოდ მის ჩვენებას დაეყრდნო და ტვ პირველი აპირებს არა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრებას, არამედ პროკურატურისთვის ცრუ დასმენის გამო მიმართვას. 

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ საქმის მასალების მიხედვით, რომელიც ამ საქმეში არსებობს და არხის იურისტებმა სასამართლოზე წარადგინეს, დასტურდება შემდეგი: 

  • „ტვ პირველმა ინფორმაციის გადამოწმების უმაღლესი სტანდარტი გამოიყენა, მათ შორის პირადად შინაგან საქმეთა მინისტრთან. ვიდეომტკიცებულებით, რაც წარდგენილი იყო, დასტურდება, რომ მინისტრმა იცოდა იმ ფაქტის შესახებ, რაზეც ვეკითხებოდით. ისმის, როგორ ეუბნება პრესმდივანს, ნინო გიორგობიანს, „ესენი იმ ამბავზე მეკითხებიან“?, და პასუხს გაექცა.
  • სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა შსს-ს საზოგადოებასთან  კომუნიკაცის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თითქოს მან ოფიციალური შეტყობინების სახით მიაწოდა მედიას ინფორმაცია, რომ შსს ფაქტს უარყოფდა, რაც არ ყოფილა ოფიციალური კომენტარი.
    1. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა  სცადა ინფორმაციის გადამოწმება მინისტრთან, – თავდაპირველად მივიდა, უთხრა, რა თემაზე უნდოდა ჩაწერა, შემდეგ მინისტრი შედიოდა საკომიტეტო მოსმენაზე და იქიდან გამოსულმა არ გააკეთა კომენტარი, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა გონივრული ვადა ინფორმაციის გადამოწმების, – მან კომენტარი არ გააკეთა;
    2. ამის შემდეგ პრესსამსახურის წარმომადგენელმა ჩვენს ჟურნალისტს უთხრა, მე მგონი, ეგ ამბავი მთლად ეგრე არ არისო. ციტატა ზუსტი არ არის, მაგრამ თურმე ეს პასუხი უნდა მიგვეღო ოფიციალურ პასუხად შსს-ს მხრიდან. თუ მინისტრს ჰქონდა ამ თემაზე კომენტარი გასაკეთებელი, მას შეეძლო ეს კომენტარი გაეკეთებინა და მას ჰქონდა გონივრული ვადა ინფორმაციის გადასამოწმებლად.
  • ამით შსს-მ შექმნა საშიში პრეცედენტი, როდესაც ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობენ ჟურნალისტები, ისინი არ პასუხობენ, ეუბნებიან, „არ ვიცი“, „გავარკვევ და მოგვიანებით გეტყვი“, ან „მე მგონი, ეგრე არ არის“, და ეს უნდა მიიღოს ჟურნალისტმა ოფიციალურ პასუხად…
  • აღნიშნული დანაშაულის, – ცრუ ჩვენების მიცემის, – ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს 6 წელს და სულ რომ 6 წლის შემდეგ აგოს პასუხი, აუცილებლად ვაგებინებ პასუხს, იმიტომ, რომ ცრუ ჩვენებას როდესაც პრესმდივანი მედიის წინააღმდეგ აძლევს, ან აქვს განზრახვა, გადაფაროს მის მიერ არაჯეროვნად შესრულებული მოვალეობა და აჩვენოს, თითქოს მედიას დაეხმარა ინფორმაციის გადამოწმებაში, – რაც ასე არ ყოფილა, – ან მან ვიღაცის ზეწოლით მისცა ცრუ ჩვენება. ადრე თუ გვიან მას მოუწევს ამ თემაზე ჩვენების მიცემა და მიზეზის დასახელება, რატომ შეიყვანა შეცდომაში სასამართლო“, – ამბობს ნოდარ მელაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი