ახალი ამბები

სააკაშვილი გვარამიას და უკრაინის კონსულს ელოდება, რომ მათთან შეთანხმებით გადაიყვანონ კლინიკაში — ხერხეულიძე

19 ნოემბერი, 2021 • 1252
სააკაშვილი გვარამიას და უკრაინის კონსულს ელოდება, რომ მათთან შეთანხმებით გადაიყვანონ კლინიკაში — ხერხეულიძე

დეპუტატ ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ითხოვს გლდანის ციხის საავადმყოფოში მისი ადვოკატის, ნიკა გვარამიას და უკრაინის კონსულის მისვლას, რომ მათთან შეთანხმებით გადაიყვანონ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ამის შესახებ ხერხეულიძემ გლდანის ციხესთან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მმიხეილ სააკაშვილი აქედან [გლდანის ციხიდან] არ გავა, სანამ ისინი არ მოვლენ და ჩვენთან ერთად არ გადაწყდება ეს საკითხი. ნიკა [გვარამია] გზაშია, უკრაინის კონსულთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, შეტყობინებას გადასცემდნენ ამასთან დაკავშირებით. იმედია, ისინი მალე მოვლენ და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შეხვედრის შემდეგ მოხდება შეთანხმება, რათა მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ ადამიანმა დროზე შეწყვიტოს შიმშილობა”, — განაცხადა ხერხეულიძემ.

დღეს, 19 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო სააკაშვილს სთავაზობს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას. ამ დროისთვის უცნობია ამ საკითხთან დაკავშირებით სააკაშვილის გადაწყვეტილება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. გუშინ, 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის გლდანის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მან გონება დაკარგა.

სააკაშვილი ამბობდა, რომ შიმშილობას შეწყვეტდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი