ახალი ამბები

დაე, მოათავსონ მთავარსარდალი სამხედრო ჰოსპიტალში – უგულავა სააკაშვილზე

19 ნოემბერი, 2021 • 1042
დაე, მოათავსონ მთავარსარდალი სამხედრო ჰოსპიტალში – უგულავა სააკაშვილზე

„ჩვენ არ ვართ ექიმები. ორი თვეა, ჩვენ სწორედ იმას ვითხოვთ, რომ ეს საკითხი კობახიძემ და ივანიშვილმა კი არ გადაწყვიტონ, არამედ გადაწყვიტონ ექიმებმა.

თუ ექიმები ჩათვლიან საჭიროდ, აუცილებლად, იმისთვის, რომ ისტორიული კატასტროფა თავიდან ავიცილოთ, დაე, იყოს გორის ჰოსპიტალი და მოათავსონ მთავარსარდალი სამხედრო ჰოსპიტალში, მაგრამ ეს გადაწყვიტონ ექიმებმა და არა კობახიძემ, ბრეგაძემ და ივანიშვილმა“, – განაცხადა გიგი უგულავამ 19 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე.

გიგი უგულავას თქმით, სანამ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში მკურნალობს, მის მიმდებარედ აქციები არ გაიმართება.

უგულავამ ამის შესახებ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პროცოკაციების თავიდან ასარიდებლად მიიღეს.

“მეტიც, აგერ ხართ პოლიციელები. ჩვენ მზად ვართ, თითოეული ჩვენგანი, ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობით, თქვენ გვერდზე დავდგეთ, არავის მივცემთ არანაირი პროვოკაციის საშუალებასა და უფლებას მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა სჭირდება”, — თქვა მან და დაამატა, რომ მშვიდობიან ბრძოლას გააგრძელებენ მიხეილ სააკაშვილის საბოლოო გათავისუფლებამდე.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სამინისტრო სთავაზობს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გიორგი აბრამიშვილის სახელობის, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში [გორის სამხედრო ჰოსპიტალი]. ამის შესახებ ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ვთავაზობთ, რომ გადავიყვანოთ გიორგი აბრამიშვილის სახელობის, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მას გადაიყვანენ რუსთავის #12 დაწესებულებაში.

აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას, შემდგომ – სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება #18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – განაცხადა ბრეგაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. გუშინ, 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის გლდანის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მან გონება დაკარგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი