ახალი ამბები

რესპუბლიკის მოედნიდან ენმ-ის მსვლელობა დაიწყო

19 ნოემბერი, 2021 • 2569
რესპუბლიკის მოედნიდან ენმ-ის მსვლელობა დაიწყო

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მიმდინარეობისას პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმა უნდა გააცნონ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ის ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.

სააკაშვილი გლდანში, ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ცუდად გუშინ, 18 ნოემბერს იმ დროს გახდა, როცა ადვოკატებს ხვდებოდა.

„რომ გამოვდიოდით, ადგა, გაჰყავდა ბადრაგს და [იმ მომენტში] მოწყვეტით წაიქცა. რომ წაიქცა, კონტაქტური არ იყო და ისეთი მოძრაობები იყო, ჩავთვალე, რომ ინსულტი იყო. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის“, – თქვა გვარამიამ გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

ექიმების დახმარების შემდეგ სააკაშვილი გონს მოვიდა და ბოლო მონაცემებით კონტაქტური იყო. ის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული იყო ჯერ კიდევ 17 ნოემბრის ღამის მდგომარეობით.

ხელისუფლებას სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი