ახალი ამბები

სერგეენკო სააკაშვილზე: ასეთ პაციენტს გადავიყვანდი მრავალპროფილურ კლინიკაში

19 ნოემბერი, 2021 •
სერგეენკო სააკაშვილზე: ასეთ პაციენტს გადავიყვანდი მრავალპროფილურ კლინიკაში

პარლამენტის წევრისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევას სამოქალაქო სექტორში რომ მართავდეს, სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანდა.

მან ამის შესახებ ტელეარხ „ფორმულას“ განუცხადა.

„მე რომ სამოქალაქო სექტორში ასეთ პაციენტს ვმართავდე, გადავიყვანდი უფრო მრავალპროფილურ კლინიკაში, თუმცა ეს არ არის სამოქალაქო სექტორი და აქ არის უსაფრთხოების საკითხებიც, ალბათ. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მე ასეთ პაციენტს გადავიყვანდი“, — განაცხადა დავით სერგეენკომ.

სერგეენკოს თქმით, აღნიშნულ საკითხზე მალევე უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. როგორც პარლამენტარი ამბობს, „სამედიცინო მოვლის კუთხით, გორის ჰოსპიტალი შესანიშნავი დაწესებულებაა, მაგრამ, როგორც მისმა მკურნალმა ექიმმა აღნიშნა, ერთი კონკრეტული აპარატის, ელექტრო-მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის არქონა გორის ჰოსპიტალს რიცხავს ამ სიიდან.“


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ის ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული იყო ჯერ კიდევ 17 ნოემბრის ღამის მდგომარეობით. მათ მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.

მიხეილ სააკაშვილმა 18 ნოემბრის საღამოს გონება დაკარგა და ის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ხელისუფლებას სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი