ახალი ამბები

ნდობის მანდატი: უკრაინულ არჩევნებში რეალურად დემოკრატიამ გაიმარჯვა

10 თებერვალი, 2010 • 2281
ნდობის მანდატი: უკრაინულ არჩევნებში რეალურად დემოკრატიამ გაიმარჯვა

ბრაიან ვაითმორი, Radio Liberty. თარგმანი: foreignpress.ge
ცნობები ნარინჯისფერი რევოლუციის გარდაცვალების შესახებ ძალიან გაზვიადებულია.
ერთი შეხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პრომოსკოვური ოპოზიციური ლიდერის საბოლოო გამარჯვება პრემიერ–მინისტრ იულია ტიმოშენკოზე, თითქოს იმ დემოკრატიული პროდასავლური „ფერადი რევოლუციების“ ანულირებაზე მიუთითებს, რომლებმაც გასული ათწლეულის განმავლობაში ყოფილი საბჭოთა სივრცე მოიცვა.

ბოლოს და ბოლოს, იანუკოვიჩი ხომ „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ნარატივის ბოროტი გმირი იყო: კრემლის მხარდაჭერილი კანდიდატი, რომელიც 2004 წლის არჩევნების ფალსიფიკაციაში ამხილეს, რასაც ქუჩის მასობრივი აქციები მოჰყვა და მოგვიანებით სასამართლოს მიერ დანიშნულ ხელახალ კენჭისყრაში პროდასავლელ მეტოქესთან ვიქტორ იუშჩენკოსთან დამარცხდა.

ამგვარად, მიუთითებს თუ არა იანუკოვიჩის რეაბილიტაცია 7 თებერვალს გამართულ მეორე ტურში, არამხოლოდ უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის, არამედ მთელი იმ პროდემოკრატიული ტალღის დასასრულზე, რომელმაც იმავდროულად საქართველოს, ყირგიზეთს და მოლდოვასაც გადაუარა? ხომ არ მოსჩანს ჰორიზონტზე რუსული გავლენის და ავტორიტარული პოლიტიკის გაძლიერების პერსპექტივა?

ნუ იჩქარებთ, ამბობენ პოლიტიკოსები, დამკვირვებლები და ანალიტიკოსები რეგიონიდან. შედეგზე გაცილებით მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ უკრაინამ გამართა (როგორც ეს ყველამ აღიარა) ყველაზე სუფთა არჩევნები რაც კი პოსტ–საბჭოთა სივრცეში ოდესმე ჩატარებულა, რომელშიც მოქმედი პრეზიდენტი და პრემიერ–მინისტრი დამარცხდნენ.

„ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შეგვშურდეს იმის, თუ როგორ მუშაობს საარჩევნო სისტემა უკრაინაში. ჩვენ გვშურს მათი სიტყვის თავისუფლების“, – ამბობს რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი. „ჩვენ გვშურს მათი ალტერნატიული არჩევნების, რომელიც პუტინის სტილისგან განსხვავებით მასობრივი ფალსიფიკაციის გარეშე ტარდება“.

„ეს უკრაინისთვის გრანდიოზულად წარმატებული ამბავია. ეს არის ნარინჯისფერი რევოლუციის შედეგი, რომელსაც ვეღარავინ შეცვლის“.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟოაო სოარესმა, უკრაინის არჩევნებს „შთამბეჭდავი სანახაობა“ და დემოკრატიის „გამარჯვება“ უწოდა.

მათიას იორშმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო დამკვირვებლების დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „დემოკრატიული არჩევნები უკრაინაში დღეს რელობაა“.

და ოფიციალურ მოსკოვში ტრიუმფალური ატმოსფეროს მიუხედავად – ყოველდღიურმა გაზეთმა „იზვესტიამ“ 8 თებერვალს პირველ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ნარინჯისფერი დაისი“ – ეს არის პრეცედენტი, რომელიც მიუღებელი უნდა იყოს კრემლის ელიტისთვის, რომლისთვისაც არჩევნები კარგად დადგმული და კულისებიდან ზედმიწევნით მართული პროცესია, სადაც შერჩეული კანდიდატების ბედი ფაქტობრივად წინასწარ არის განსაზღვრული.
წაიკითხე სრულად >>>

მასალების გადაბეჭდვის წესი