ახალი ამბები

მოშიმშილე ოპოზიციონერები ძალით გაიყვანეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან

17 ნოემბერი, 2021 • 1359
მოშიმშილე ოპოზიციონერები ძალით გაიყვანეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან

პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა საკრებულოს ოპოზიციონერი მოშიმშილე დეპუტატები. დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდა საკრებულოს წევრი მაია კალანდია.

საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გაიტანეს ის ლეიბები და პირადი ნივთები, რომლებიც მოშიმშილეებმა სხდომათა დარბაზში დღეს, 17 ნოემბერს შეიტანეს. ზუგდიდის საკრებულოს წევრები ენმ-დან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ.

ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული ოპოზიციონერი წევრები საკრებულოს სხდომათა დარბაზში განთავსდნენ, რათა წინა მოწვევის საკრებულოსთვის ბიუჯეტის მიღების საშუალება არ მიეცათ.

ენმ-ის წევრის, ანი წითლიძის თქმით, პოლიცია „ქართული ოცნების“ დავალებას ასრულებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოშიმშილეთა შეყვანას დესტრუქციულ ქმედებად აფასებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია.

„ბიუროზე იქნა განხილული და დადგენილი ვადები, როდის განეხილათ კომისიურად საკრებულოში ბიუჯეტის პროექტი და ფრაქციებს როდის მოგვეწყო საჯარო განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტის პროექტი განხილულ იქნა ამ გრაფიკის შესაბამისად კომისიებში. ამ კომისიების მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ოპოზიციის და ჩვენი დეპუტატები. გაოცებული ვარ მათი ქმედებით, ოპოზიციის დეპუტატები თავიდან ბოლომდე, სრულფასოვნად, აქტიურად იყვნენ ჩართული კომისიურ განხილვებში“, – აცხადებს ბესიკ ჭეჟია.

ზუგდიდსა და ბათუმში, სადაც ახლად არჩეული საკრებულოები ოპოზიციურია, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ძველმა საკრებულოებმა დაიწყეს. ენმ-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური საკრებულოების მიერ ბიუჯეტის შესაძლო ჩაგდებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შიშით არის განპირობებული, “ოცნებაში” კი ამბობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ისინი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვებიან.

15 ნოემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვები დაიწყო. გაიწერა ბიუჯეტის პროექტის განხილვების გრაფიკი, რომელიც ერთ დღეში (16 ნოემბერს) ფრაქციებში და არასამთავრობო სექტორთან 4 სხდომის გამართვას ითვალისწინებს და განხილვების დაჩქარებულ ტემპზე მიუთითებს.

ფოტოზე: მაია კალანდია, რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი