ახალი ამბებისამართალი

სასამართლო დაკითხვები ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის უსაფრთხო არ არის – ანგარიში

17 ნოემბერი, 2021 • 1684
სასამართლო დაკითხვები ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის უსაფრთხო არ არის – ანგარიში

სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ “უფლებები საქართველო” ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სასამართლო დაკითხვის მონიტორინგის ანგარიში მოამაზდეს. ანგარიში ეყრდნობა 2021 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში ჩატარებულ 30 საქმის განხილვას, რომლის ფარგლებშიც ოჯხაში ძალადობის მსხვერპლი ქალების დაკითხვის პროცესებს დააკვირდნენ.

ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრობლემები:

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად იკითხებიან ისეთ ვითარებაში, რომელიც არ უზრუნველყოფს დაზარალებულ ქალთა მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას;
  • არ ხდება დაზარალებული ქალების სრულყოფილი ინფორმირება უფლებების და მხარდამჭერი სერვისების შესახებ, აგრეთვე – მათთვის სათანადო სამართლებრივი დახმარების გაწევა;
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებრივ მდგომარეობას ართულებს სასამართლოს შენობების ინფრასტრუქტურაც.

“დაზარალებული ქალების მეორეულ ვიქტიმიზაციის რისკები განსაკუთრებულად ძალადობაში ბრალდებული პირებისგან და მათი ადვოკატებისგან მომდინარეობს. ცალკეული დაკითხვების დროს გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ადვოკატების კითხვები და რეპლიკები იყო არარელევანტური ან დამადანაშაულებელი, ასევე, ატარებდა შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ ხასიათს. საყურადღებოა, რომ სასამართლოების ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლი ქალის და მოძალადის ან მისი ახლობლის ფიზიკური თუ ვერბალური კომუნიკაციის თავიდან აცილების შესაძლებლობას.

გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ძალადობის მსხვერპლ ქალზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებისა და მისი მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის მიზნით, დაკითხვის დროს ბრალდებულის სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესაძლებლობას”, – განმარტავენ კვლევის ავტორები.

სხვა მიგნებები

ანგარიშის თანახმად, მოსამართლეები ძალადობის მსხვერპლ ქალებს საერთოდ არ ან არასრულად აწვდიან ინფორმაციას მათი უფლება-მოვალეობების, მეორეული ვიქტიმიზაციისაგან დამცავი და მხარდამჭერი მექანიზმების, ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების და იქ არსებული სერვისების თაობაზე.

ასევე, ანგარიშის ავტორების ცნობით, დაკითხვის პროცესებში არ მონაწილეობენ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები და დაზარალებულის ადვოკატები.

“აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის დაკითხვის სხდომაზე მოსამართლე უმეტესად არ დაინტერესებულა საქმეში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართულობითა და მონაწილეობით, არც იმ შემთხვევებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. მიუხედავად ამისა, გამოვლინდა პოზიტიური მიდგომაც, როდესაც მოსამართლემ გამოარკვია, ჰქონდა თუ არა დაზარალებულს კომუნიკაცია კოორდინატორთან და პროკურორისგან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ის საქმეში ჩართულიყო და სხდომა გადადო”, – განმარტებულია კვლევაში.

ამასთან, მათი შეფასებით, ამ მხრივ პრობლემატურია საქართველოს კანონდებლობაც, რომელიც სისხლის სამართლის პროცესში ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის მსხვერპლი სრულწლოვანი ქალებისთვის უფასო იურიდიული დახმარების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

გარდა ამისა, მსხვერპლების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის დამძიმების დრო,ს ერთი მოსამართლის გარდა, არცერთს მიუღია გადაწყვეტილება, რომ ბრალდებული სხდომის დარბაზიდან გაეყვანათ. ანგარიშის თანახმად, ამავე მოსამართლემ დაზარალებულთან საკუთარი ინიციატივით იმსჯელა სხდომის დახურვის შესაძლებლობაზე.

ამასთან, მონიტორინგის პერიოდში დაზარალებულს უმეტესად არ სთავაზობდნენ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან კონსულტაციის გავლისა და მოსაფიქრებელი ვადით სარგებლობის შესაძლებლობას.

რაც შეეხება მოსამართლეების დამოკიდებულებას, ანგარიშის თანახმად, მოსამართლეები და პროკურორები უმეტესად “გულისხმიერ დამოკიდებულებას” გამოხატავდნენ დაზარალებულების მიმართ, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, ზოგმა მოსამართლემ არაეთიკური და ირონიული დამოკიდებულება გამოავლინა, ასევე, დაზარალებულს მიმართა მკაცრი და ხმამაღალი ტონით.

ამასთან, მოსამართლეები ხშირ შემთხვევაში რეაგირებას არ ახდენდნენ იმ ფაქტებზე, როდესაც ბრალდებული პირდაპირ ერთვებოდა დაზარალებულის, მოწმის დაკითხვის პროცესში და შეურაცხყოფასაც აყენებდა მას.

“რიგ შემთხვევებში, დაზარალებულისთვის კითხვების დასმის ნაცვლად, ბრალდებული აკეთებდა შეფასებას და ცდილობდა გაემართლებინა საკუთარი ქმედება ან/და მომხდარში დაზარალებული დაედანაშაულებინა. ცალკეულ სხდომებზე გამოვლინდა ბრალდებულის დაზარალებულთან ვერბალური თუ არავერბალური კომუნიკაციის დამყარების შემთხვევა. ბრალდებულისა და დაზარალებულის დაპირისპირების შემთხვევებზე ბრალდების მხარესა და მოსამართლეს ხშირად არ მიუღიათ ქმედითი ზომები და, შესაბამისად, ბრალდებულის ქცევა რეაგირების მიღმა დარჩენილა”, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, ანგარიშის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში პრობლემატური იყო დაცვის მხარის, ბრალდებულის ადვოკატების მხრიდან დაზარალებულებისთვის დასმული შეკითხვებიც. მაგალითად: “სად იყავი აქამდე, რატომ არ მიმართე სასამრათლოს, მე არ მოვითმენდი და ამ დონემდე არ მივიყვანდი”, “თუკი ძალადობდა, რატომ არ იყვირეთ”, “თუ ტირილი გინდოდა, სახლში გეტირა და ისე მოსლიყავი” და სხვა. ასევე გარკვეულ შემთხვევებში ადვოკატები სვამდნენ შეკითხვებსაც, რაც არ ეხებოდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

ასევე, მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა დაზარალებულების მიერ ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ტენდენციაც, რა დროსაც მოსამართლეები ძირითადად უარის თქმის მოტივს არკვევდნენ. მაგალითად, უარის მიზეზი ხომ არ იყო დაშინების ან/და რაიმე სხვა ზემოქმედების შედეგი. თუმცა, ანგარიშის თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში მოსამართლეები დაზარალებულებს უსვამდნენ შაბლონური ხასიათის შეკითხვებს, ანუ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შესაძლო მიზეზების გარკვევას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც კვლევის ავტორები პრობლემატურად მიიჩნევენ, არის სხდომების დაგვიანებით დაწყება. ავტორების განმარტებით, ეს ზრდის დაზარალებულსა და ბრალდებულს ან მის ნათესავებს შორის არასასურველი კომუნიკაციის გზით მსხვერპლზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების, მეორეული ვიქტიმიზაციისა და მართლმსაჯულებაში მონაწილეობაზე უარის თქმის რისკებს.

სასამართლოს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები

ანგარიშის თანახმად, სასამართლოების ინფრასტრუქტურა ძალადობის მსხვერპლი ქალების საჭიროებებზე ნაკლებად არის მორგებული და არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. კერძოდ, სასამართლოებში არ არის გარემო, რომელიც ძალადობის მსხვერპლისა და მოძალადის ან მისი ახლობლებისა და ნათესავების ფიზიკურ და ვერბალური კომუნიკაციის თავიდან არიდებას უზრუნველყოფდა:

  • სასამართლოებში არ არის მოწყობილი სპეციალური იზოლირებული მოსაცდელი სივრცეები ძალადობრივი დანაშაულის დაზარალებულებისთვის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის მსხვერპლი ქალებისთვის. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სხვა სივრცეების ამ მიზნით გამოყენება ბუნდოვანია, პრაქტიკაში მსგავსი პრეცედენტების სიმცირის გამო;
  • არ არსებობს სასამართლოს შენობასა და სხდომის დარბაზში ცალკე იზოლირებული შესავლელი, რომლითაც ასევე ისარგებლებენ ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლები. ხოლო არსებული ალტერნატიული შესასვლელები (მაგალითად, სასამართლოს აპარატის თანამშრომლებისათვის ან მოსამართლეებისათვის განკუთვნილი შესასვლელი) პრაქტიკაში ხშირად არ გამოიყენება;
  • უზრუნველყოფილი არ არის ცალკე, იზოლირებული სივრცე დაკითხვის დისტანციურად საწარმოებლად, ხოლო რიგ შემთხვევებში, პროცესის დისტანციური ფორმით ჩატარებისას, გამოვლინდა ტექნიკური ხარვეზები;
  • სასამართლოებში არ არსებობს სპეციალური სივრცე, სადაც მცირეწლოვანი ბავშვის დედები თავისუფლად შეძლებენ შვილების გამოკვებას, გამოცვლას ან/და დატოვებას დაკითხვის დასრულებამდე.

რეკომენდაციები

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემატური საკითხების გადაჭრის მიზნით, ანგარიშის ავტორებმა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს.

ავტორები რეკომენდაციას აძლევენ საქართველოს პარლამენტს:

  • „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-40 და 58-ე მუხლებში საკანონმდებლო ცვლილებების გზით, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის (ოჯახური დანაშაულის) დაზარალებულ ქალზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მაქსიმალურად შესამცირებლად ან/და მისი მეორეული ვიქტიმიზაციისგან დასაცავად, შესაძლებელი გახდეს, კონკრეტული საფუძვლის მითითებით, მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით, ბრალდების მხარის შუამდგომლობის ან/და დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემის დროს ბრალდებულის სხდომის დარბაზიდან გაყვანის ან სხვა ალტერნატიული ზომის გამოყენების თაობაზე;
  • „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლში შევიდეს ცვლილება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის (ოჯახური დანაშაულის) სრულწლოვანი დაზარალებულისათვის უფასო იურიდიული დახმარება, მიუხედავად მსხვერპლის გადახდისუნარიანობისა, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს

  • საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები გადამზადდნენ ოჯახში ძალადობის/ოჯახური დანაშაულის დაზარალებულის ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვაზე ორიენტირებული გარემოს შექმნისა და უშუალოდ დაკითხვის მიმდინარეობის დროს დაზარალებულის მატრავმირებელი, დამადანაშაულებელი და დისკრიმინაციული ვერბალური თუ არავერბალური კომუნიკაციისგან ეფექტიანად დაცვის მიზნით;
  • ძალადობის მსხვერპლი ქალის მოძალადესთან ან/და მისი ოჯახის წევრებთან/ნათესავებთან საფრთხის შემცველი კომუნიკაციის თავიდან ასაცილებლად, ახალი სასამართლო შენობები აღიჭურვოს, ხოლო ძველი ინფრასტრუქტურა გადაიხედოს/ადაპტირდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო მოსაცდელი სივრცეები და სასამართლო სხდომის დარბაზში მოსახვედრი ალტერნატიული შესასვლელები;
  • სასამართლოს მანდატურის სამსახურისთვის შეიქმნას სახელმძღვანელო დოკუმენტი/სპეციალური ოპერაციული პროცედურები ძალადობის მსხვერპლი ქალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე როგორც სასამართლოს შენობაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • სასამართლოს შენობებში უზრუნველყოფილი იყოს დაზარალებულის დისტანციურად დაკითხვისთვის აუცილებელი სივრცე, რომელიც აღჭურვილი იქნება გამართული ტექნიკური ინფრასტრუქტურით.

ასევე, ანგარიშის ავტორები უზენაეს სასამართლოს აძლევენ რეკომენდაციას, რომ მოსამართლეებისთვის შეიქმნას სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელშიც გაიწერება და უზრუნველყოფილი იქნება:

  • მოსამართლეებმა სრულყოფილად და გასაგებად (არასამართლებრივი ტერმინოლოგიით) განუმარტონ დაზარალებულებს კანონით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის, სასამართლო სხდომის სრულად ან ნაწილობრივ დახურვის თაობაზე, დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ და ა.შ.
  • მოსამართლეებმა დაზარალებულს მიაწოდონ ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სერვისების შესახებ;
  • მოსამართლეებმა ყველა შემთხვევაში საფუძვლიანად გამოიკვლიონ, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზეზი არის თუ არა მოწმის იძულება/ზემოქმედება. ასევე, დაზარალებულს განუმარტონ, რომ მათ მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, ბრალდებული შეიძლება გამტყუნდეს დანაშაულის ჩადენაში, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე;
  • მოსამართლეებმა ყველა შემთხვევაში, მათ შორის, დაკითხვის პროცესში, როდესაც რომელიმე მონაწილე დაზარალებულის მიმართ ავლენს დისკრიმინაციულ, სტერეოტიპულ ან და არაეთიკურ დამოკიდებულებას, მოუწოდონ არასათანადო ქცევის შეწყვეტის შესახებ, ხოლო მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ასეთი ქცევის მქონე სუბიექტი/სუბიექტები გაიყვანონ (გააძევონ) სასამართლო დარბაზიდან;
  • „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის შესაბამისად, მოსამართლეებმა საკუთარი ინიციატივით, ბრალდების მხარის შუამდგომლობის ან/და დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, მიიღონ ზომები, რათა საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულმა სასამართლო დარბაზში ჩვენება მისცეს დაუსწრებლად/დისტანციურად ან სავარაუდო მოძალადის სხდომის დარბაზში არყოფნის პირობებში;
  • სასამართლო პრიორიტეტულად მიუდგეს და არ დაუშვას დაზარალებულის დაკითხვის პროცესის დაგვიანებით დაწყება;
  • სასამართლოს მანდატურის სამსახურმა, ბრალდების მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ან/და საკუთარი ინიციატივით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს დაზარალებულის სასამართლო შენობასა და სხდომის დარბაზში ალტერნატიული შესასვლელით შეყვანა და დაკითხვის დაწყებამდე დაზარალებულის იზოლირებულ სივრცეში განთავსება.

საქართველოს პროკურატურას:

  • პროკურორები გადამზადდნენ საპროკურორო საქმიანობის განხორციელებისას ძალადობის მსხვერპლი ქალების მეორეული ვიქტიმიზაციისაგან დაცვის საკითხებზე, რომელიც მოიცავს სასამართლოს შენობასა და სხდომის დარბაზში დაზარალებულის უსაფრთხოდ შეყვანის, დისტანიციურად ან ბრალდებულის დაუსწრებლად დაკითხვის შესაძლებლობას, დაზარალებულის მიმართ არარელევანტური/შეურაცხმყოფელი კითხვების დასმის აცილებასა და სხვა;
  • რისკების გამოვლენის შემთხვევაში, ბრალდების მხარემ აქტიურად დააყენოს შუამდგომლობა დაკითხვის დისტანციურად ან მოძალადის მონაწილეობის გარეშე ჩატარების თაობაზე;
  • ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების პრობლემურ საქმეებში პროკურორებმა პრიორიტეტულად ჩართონ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები;
  • ბრალდების მხარემ აქტიურად დააყენოს შუამდგომლობა დაცვის მხარის მიერ დაზარალებულისთვის დასმული არარელევანტური და მისი ღირსების შემლახველი კითხვების აცილების თაობაზე;
  • ბრალდების მხარემ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით სარგებლობამდე, ყველა შემთხვევაში შესთავაზოს დაზარალებულს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან კონსულტაციის გავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე 3-დღიანი მოსაფიქრებელი ვადით სარგებლობა;
  • დაზარალებულის სასამართლოში მიყვანამდე, ბრალდების მხარემ აქტიურად გამოიკვლიოს, დაზარალებულის უსაფრთხოებისთვის საჭიროა თუ არა სპეციალური ზომების მიღება და ამის თაობაზე ითანამშრომლოს სასამართლოსთან.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და იურიდიული დახმარების სამსახურს:

  • შესაბამის სასწავლო პროგრამებში აისახოს საადვოკატო ეთიკის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით რელევანტური და მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ურთიერთობის კუთხით;
  • ადვოკატები სისტემატურად გადამზადდნენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მათ შორის, მსხვერპლის ქცევის ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე;
  • ადვოკატების ქცევა ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ ეთიკური იყოს. დაცვის მხარის სტრატეგიის ფორმირებისას ადვოკატებმა გაითვალისწინონ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე არსებული საერთაშორისო სტანდარტები, რაც მათ შორის დაზარალებულის დისკრედიტაციის აკრძალვას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი