ახალი ამბები

დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში — მოშიმშილეებმა სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს

17 ნოემბერი, 2021 • 1288
დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში — მოშიმშილეებმა სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს

ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული ოპოზიციონერი წევრები საკრებულოს დაცვის სამსახურს მას შემდეგ დაუპირსიპირდნენ, რაც მოშიმშილე დეპუტატებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესვლა სცადეს, რათა წინა მოწვევის საკრებულოსთვის ბიუჯეტის მიღების საშუალებას არ მიეცათ.

საკრებულოს დაცვის წევრები მოშიმშილეებს სხდომათა დარბაზში ლეიბების შეტანის საშუალებას არ აძლევნდენ, თუმცა, როგორც ენმ-ის წევრი ანი წითლიძე აცხადებს, მათ სხდომათა დაბრაბაზში შესვლა მაინც მოახერხეს.

წითლიძის თქმით, დღეიდან საკრებულოს მოშიმშილე წევრები ფრაქციის ოთახის ნაცვლად საკრებულოს სხდომათა დარბაზში იქნებიან და ვადაგასულ საკრებულოს არ მისცემენ უფლებას, „არა ზუგდიდელების, არამედ საკუთარი კეთილდღეობის ბიუჯეტი მიიღონ“.

„მმართველი პარტია არის უკვე უმცირესობაში, ხელისუფლებას ეშინია, რომ ახალი საკრებულოს პირობებში თუ ვერ მოხდა ბიუჯეტის მიღება, მაშინ, კოდექსის მიხედვით, ორჯერ ჩავარდნილი ბიუჯეტის შემდეგ ინიშნება მერის და საკრებულოს არჩევნები. შესაბამისად, მმართველი პარტია აიგნორებს კანონს და იმის შიშით, რომ არ დაკარგოს ადგილებზე ძალაუფლება, უკანონო დავალებას აძლევს ვადაგასულ საკრებულოებს[…]

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოშიმშილეებმა, რომლებიც არიანი არჩეული, ახალი საკრებულოს წევრები, ფრაქციის ოთახიდან გადაინაცვლონ საკრებულოს სხდომათა დარბაზში. ისინი დღეიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზში იშიმშილებენ, სადაც უნდა მოხდეს ბიუჯეტის განხილვა და უკანონო წესით მიღება“, — განაცხადა წითლიძემ.


ზუგდიდსა და ბათუმში, სადაც ახლად არჩეული საკრებულოები ოპოზიციურია, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ძველმა საკრებულოებმა დაიწყეს. ენმ-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური საკრებულოების მიერ ბიუჯეტის შესაძლო ჩაგდებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შიშით არის განპირობებული, “ოცნებაში” კი ამბობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ისინი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვებიან.

15 ნოემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვები დაიწყო. გაიწერა ბიუჯეტის პროექტის განხილვების გრაფიკი, რომელიც ერთ დღეში (16 ნოემბერს) ფრაქციებში და არასამთავრობო სექტორთან 4 სხდომის გამართვას ითვალისწინებს და განხილვების დაჩქარებულ ტემპზე მიუთითებს.
გადარჩეული საკრებულოები 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ცდილობენ — რატომ?

ფოტო: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი