ახალი ამბები

პარასკევს ოპოზიცია თბილისში სამ ადგილას გეგმავს აქციას

17 ნოემბერი, 2021 • 1116
პარასკევს ოპოზიცია თბილისში სამ ადგილას გეგმავს აქციას

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარასკევს, 19 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიები თბილისში სამ ადგილას გამართავენ დემონსტრაციებს.

აქციები დაიწყება პარასკევს, 15:00 საათზე:

  • ავლაბრის მეტროსთან (ენმ);
  • სადგურის მოედანთან („ლელო“);
  • მეტროსადგურ „უნივერსიტეტთან“ („გირჩი“ და „დროა“).

აქციებში „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან, მათ შორის, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „ლელო“.

„ვაპირებთ, პარასკევს ერთობლივად გავმართოთ დემონსტრაცია, რაც არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომ დავანახოთ მოქალაქეებს, ამ სისტემასთან შეგუება შეუძლებელია, და დავანახოთ მეგობრებს დასავლეთში, რომ აქ არ არის ნორმალური ვითარება“, – განაცხადა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოუწოდა მოქალაქეებს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, შეუერთდნენ აქციებს.


ექპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს თბილისში და მას შემდეგ შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

მისი გათავისუფლებისა და სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანის მოთხოვნით პერმანენტულად იმართება საპროტესტო აქციები.

რამდენიმეკვირიანი შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც 11 ნოემბერს გავრცელებულ კადრებში გამოჩნდა, ის ძალის გამოყენებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს მე-18 დაწესებულებაში.

სააკაშვილი, მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპრეზიდენტის გადაყვანას ითხოვენ სამოქალაქო კლინიკაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი