ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სუს-ის ცნობით, ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გადმოჰყავთ

16 ნოემბერი, 2021 •
სუს-ის ცნობით, ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გადმოჰყავთ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2019 წელს  ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე, გენადი ბესტაევი ინსულტის მიღების შემდეგ თბილისში გადმოჰყავთ.

“ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა”.

როგორც სუს-ში აცხადებენ, გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის გაუარესების დღიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი აამოქმედა საქართველოს მოქალაქის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოყვანასთან დაკავშირებით.

“ამ პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა სხვა საერთაშორისო პარტნიორი. გენადი ბესტაევის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრალური ხელისუფლება „ცხელი ხაზის“ მეშვეობით მუდმივ რეჟიმში იღებდა ინფორმაციას.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის შედეგად, მოხდება საქართველოს მოქალაქის გადმოყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში. ამ წუთებში გენადი ბესტაევის გადმოყვანის პროცესი მიმდინარეობს”.

გენადი ბესტაევი 2019 წლის 21 ნოემბერს სოფელ ზარდიაანთკარში დააკავეს. მას ბრალად ედება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა და ნარკოტიკების გადატანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი