ახალი ამბები

„ოცნების“ დეპუტატები გლდანის ციხის საავადმყოფოს მოინახულებენ

16 ნოემბერი, 2021 • 1162
„ოცნების“ დეპუტატები გლდანის ციხის საავადმყოფოს მოინახულებენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატები მოინახულებენ გლდანის ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებას, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ დღეს, 16 ნოემბერს, განაცხადა.

მისი თქმით, დეპუტატები მხოლოდ დაწესებულებას მოინახულებენ, მეხეილ სააკაშვილს კი, არა.

ხუნდაძის თქმით, დეპუტატები კონკრეტული პროცედურების გავლას ელოდებიან და შესაძლოა, დაწესებულება დღესაც მოინახულონ.

„მე-18 დაწესებულების სამედიცინო პერსონალი არის ლიცენზირებული, მათ აქვთ, ჩემი ინფორმაციით, ყველა პირობა, რომ შეასრულონ საჭიროების შემთხვევაში საჭირო სამუაშო. თუმცა იმისათვის, რომ ჩვენც ბოლომდე დავრწმუნდეთ ამაში, ჩვენ დავგეგმეთ, რომ ვესტუმროთ ამ დაწესებულებას და საკუთარი თვალით ვნახოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 47-ე დღეა შიმშილობს. ის პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მიუხედავად ექიმთა კონსილიუმის მოწოდებისა, რომ სააკაშვილი გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში, ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს აღნიშნულზე და ირწმუნება, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულება ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით კი ეს ასე არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი