ახალი ამბები

სააკაშვილის კადრების გავრცელებით სახელმწიფო დააზიანეთ – ელისაშვილი მთავრობას

16 ნოემბერი, 2021 • 2505
სააკაშვილის კადრების გავრცელებით სახელმწიფო დააზიანეთ – ელისაშვილი მთავრობას

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით ხელისუფლებამ დააზიანა სახელმწიფოც და საკუთარი თავიც, რადგან დაკარგა ის უპირატესობა, რაც ციხეების საკითხზე წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში ჰქონდა.

ელისაშვილმა ეს განცხადება დღეს, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა ქართულ ოცნებას, რომ ადამიანებს ექცეოდნენ ადამიანურად, მით უფრო ციხეში.

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი მთავარსარდალი, რაღაც არაჟნის ყუთებით იპარება და შეურაცხყოფას აყენებს სახელმწიფოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა, კამო [ბოლშევიკი რევოლუციონერი] არ აკეთებდა ამას, მაგრამ ამის გათვალისწინებით, ის კადრები, რომელიც ვნახეთ, იყო უღირსობა და ის უპირატესობა, რაც გქონდათ, თქვენ დაკარგეთ.

პოლიტიკას ორი განზომილება აქვს. პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფოც დააზიანეთ და ადამიანურადაც იყო დამაზიანებელი.

პარალელურად მესმოდა, რომ სხვა რეალობას შექმნიდით. მე ასე მესმის, რომ ბოლოს და ბოლოს დავიწყებთ ხალხზე ზრუნვას.

რა გიშლით ხელს, ოთხი ლარია ლამის ბენზინი. დაჭრილი პურის ფასი 1.60 ლარი გახდა, პენსიონერები ბოლო კაპიკებს ტოვებენ ნისიების დასაფარად მაღაზიაში და მედიკამენტებს ვერ ყიდულობენ და ტკივილებს ითმენენ, ისეთ დღეში არიან. მიხედეთ ამ ქვეყანას. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოგწონთ ეს დღის წესრიგი, როდესაც „იქითა“ ტელევიზიები რაღაცას გეუბნებიან და თქვენ „აქეთა“ ტელევიზიებში რომ პასუხობთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი