ახალი ამბები

რუსეთი მიგრანტთა კრიზისში, ბელარუსის ნაცვლად, დასავლეთს ადანაშაულებს

15 ნოემბერი, 2021 • 918
რუსეთი მიგრანტთა კრიზისში, ბელარუსის ნაცვლად, დასავლეთს ადანაშაულებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ერაყისა და ავღანეთის ომების გათვალისწინებით, დასავლური სახელმწიფოები, ნაცვლად ბელარუსისა, ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე მიმდინარე მიგრანტთა კრიზისზე არიან პასუხისმგებელნი.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მანამდე ევროკავშირის, ნატოს, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა საზღვარზე მოწყობილ კრიზისში ბელარუსი და რუსეთი დაადანაშაულეს.

დასავლური სახელმწიფოების ნაწილის თანახმად, ლუკაშენკოს რეჟიმი, რომელიც კრემლის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა, მიგრანტებს ახლო აღმოსავლეთიდან ხელს უწყობს ბელარუსში ჩასვლაში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრის გადაკვეთაში, რათა ამ გზით, ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, ევროკავშირში მიგრანტთა კრიზისი წარმოშვას.

„არ დავივიწყოთ, საიდან მოდის მიგრანტთა კრიზისი. ბელარუსი პიონერია ამ პრობლემებში? არა, ამის მიზეზი გამოწვეულია დასავლური და ევროპული სახელმწიფოების მხრიდან“, – განაცხადა პუტინმა.

ერაყისა და ავღანეთის ომებზე საუბრისას პუტინმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ძირითადად ერაყელი ქურთები და ავღანელები არიან მიგრანტები.

„რეალურად, ფაქტი, რომ ისინი მიემგზავრებიან ბელარუსის გავლით, არ არის საკვირველი, რადგან ბელარუსს აქვს უვიზო მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, საიდანაც მიგრანტები მოდიან“, – განაცხადა პუტინმა.

მან ასევე პოლონური მხარე დაადანაშაულა მიგრანტების ცემაში.

პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე მიგრანტთა კრიზისი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

უფრო მეტი მიმდინარე მოვლენების შესახებ, წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი