ახალი ამბები

ქართველი ემიგრანტი ლონდონში: სააკაშვილის მხარდასაჭერად მე-7 დღეა ვშიმშილობ

15 ნოემბერი, 2021 •
ქართველი ემიგრანტი ლონდონში: სააკაშვილის მხარდასაჭერად მე-7 დღეა ვშიმშილობ

დიდ ბრიტანეთში, ლონდონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნესტორ გოგოძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მეშვიდე დღეა შიმშილობს. ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

“ნეტგაზეთთან” საუბარში გოგოძემ განაცხადა, რომ ის ყოველდღე, საღამოს 8 საათიდან 12 საათამდე საქართველოს საელჩოსთან გამოხატავს პროტესტს. დანარჩენ დროს კი სამსახურში ატარებს.

“პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართული არ ვარ, მაგრამ როცა დავინახე, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში გადაიყვანეს და კრიმინალებს საჯიჯგნად შეუგდეს, გადავწყვიტე პროტესტის ამ ფორმისთვის მიმემართა. ვფიქრობ, რომ ახლა “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებაზე” არ არის საკითხი, აქ საუბარია ქვეყნის მესამე პრეზიდენტზე. ქართველებმა ერთი შეცდომა უკვე დავუშვით, როდესაც პირველი პრეზიდენტი არ დავიცავით. თუ ეს კიდევ ერთხელ განმეორდება ეს უკვე აღარ იქნება შეცდომა, ეს იქნება დანაშაული”, – განმარტა გოგოძემ.

მისი თქმით, ამ ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს საელჩოდან არავინ გამოხმაურებია.

გოგოძეს განცხადებით, ის ფიზიკურად თავს სუსტად გრძნობს, თუმცა პროტესტის ამ ფორმაზე უარს მას შემდეგ იტყვის, რაც მიხეილ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას. თავად მიხეილ სააკაშვილი კი შიმშილობის შეწყვეტას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გეგმავს.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ორი ვიდეო 11 ნოემბერს გაავრცელა.

პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი