ახალი ამბები

რუსთავის საკრებულოს 6-მა ოპოზიციონერმა წევრმა შიმშილობა გამოაცხადა

15 ნოემბერი, 2021 • 1492
რუსთავის საკრებულოს 6-მა ოპოზიციონერმა წევრმა შიმშილობა გამოაცხადა

რუსთავის ახლად არჩეული საკრებულოს 6-მა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ 15 ნოემბერს შიმშილობა გამოაცხადა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მაღალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

ერთ-ერთმა მათგანმა, ენმ-ის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნანა შატბერაშვილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ დეპუტატები შიმშილობას არ შეწყვეტენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ისინი საკრებულოს შენობაში იმყოფებიან.

ამავე მოთხოვნით წინა დღეს, 14 ნოემბერს, შიმშილობა გამოაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ 9 პარლამენტარმა და ასევე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, გია ბარამიძემ.

უკვე მე-14 დღეა, ამავე მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობს პარლამენტარი ელენე ხოშტარია.


ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 1 ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან აქვს შიმშილობა გამოცხადებული.ის ამჟამად აცხადებს, რომ მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

სახალხო დამცველმა არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი