პოლიტიკური პარტიების “დროას” და “გირჩი – მეტი თავისუფლების” აქტივისტებმა თბილისში საპროტესტო წარწერები გააკეთეს. როგორც “დროას” მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, თბილისის ქუჩებში სხვადასხვა შინაარსის წარწერაა, მათ შორის “ბრძოლა სიცოცხლისთვის”, “დუმილი კლავს”, “ოცნება კლავს”, “დუმილი დანაშაულია” და სხვა.
უკვე რამდენიმე დღეა, რაც ოპოზიცია ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავს. ერთ-ერთი ასეთი აქცია გაიმართა 10 ნოემბერს თბილისში, ადმინისტრაციულ შენობებთან, სადაც 46 ადამიანი დააკავეს.
აქციების ძირითადი მოთხოვნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. სააკაშვილი 45-ე დღეა შიმშილობს. ის ამჟამად გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება, სადაც ის რუსთავის #12 დაწესებულებიდან 8 ნოემბერს გადაიყვანეს. როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ის მოტყუებით მიიყვანეს გლდანის ციხესთან, რადგან მას ეგონა, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.
11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ სააკაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან ძალით და რამდენიმე ადამიანი ცდილობს გლდანის ციხეში მის შეყვანას. იმავე დღეს, რამდენიმე საათში პენიტენციურმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს და ისმის, თუ როგორ ეუბნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პერსონალს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში შესვლა არ სურს და სთხოვს, რომ რუსთავის ციხეში დააბრუნონ.