ახალი ამბები

სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს – გალერი

13 ნოემბერი, 2021 •
სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს – გალერი

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი აცხადებს, რომ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა უნდა გაეწიოს სატანადოდ აღჭურვილ კლინიკაში. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

“ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობებზე. მას შესაბამისი მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში უნდა ჩაუტარდეს”, – წერს გალერი.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი განცხადებით, ის აქ მოტყუებით გადაიყვანეს. სააკაშვილი 44-ე დღეა შიმშილობს.

11 ნოემბერს გავრცელდა კადრები, რომლებიც ასახავს ძალის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

მიხეილ სააკაშვილის იძულებით გადაყვანის კადრების გავრცელების შემდეგ პენიტენციურმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. ვიდეოში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს თბილისში და მას შემდეგ შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

მისი გათავისუფლებისა და სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანის მოთხოვნით ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი