ახალი ამბები

დემოკრატიაზე ასეთი დარტყმის დროს ფოტიგას ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტია – ხოშტარია

12 ნოემბერი, 2021 • 869
დემოკრატიაზე ასეთი დარტყმის დროს ფოტიგას ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტია – ხოშტარია

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას საქართველოში ვიზიტს მნიშვნელოვან ჟესტად აფასებს და ამბობს, რომ ფოტიგა ქართული საზოგადოების ბრძოლას ხედავს. ამის შესახებ ხოშტარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც მეათე დღეა შიმშილობს.

“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატიაზე ასეთი დიდი დარტყმის, ასეთი მწვავე კრიზისის დროს ჩვენი პარტნიორების, ევროპარლამენტარების, ჩვენი დემოკრატიის მეგობრების, ჩვენი სახელმწიფოს მეგობრების ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი. მით უმეტეს, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ანა ფოტიგა პიროვნულად არის ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა არის ტოტალიტარული, დიქტატორული, ავტორიტარული რეჟიმები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანა ფოტიგაც და ჩვენი ქვეყნის მეგობრებიც ხედავენ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ – პოლიტიკოსები, მოქალაქეები, აქტივისტები, არ ვეგუებით და ვიბრძვით. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ჩვენ ნაცვლად ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას ააშენებს “, – განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, ფოტიგა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში მონახულებასაც გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, მისცემენ თუ არა ამის უფლებას.

ამასთან, ხოშტარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შიმშილობას გააგრძელებს მანამ, სანამ არ მიაღწევენ სააკაშვილის “სიცოცხლის ონსტიტუციური უფლებით დაკმაყოფილებას”.

დღეს, 12 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით სამი ევროპელი პოლიტიკოსი ჩამოვიდა. მათ შორისაა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუვის სეიმის ორი წევრი.

ნეტგაზეთი იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა და მათგან განმარტებას ელოდება, თუ რატომ ვერ შედიან სააკაშვილთან საქართველოში მყოფი ევროპელი პოლიტიკოსები.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი განცხადებით, ის აქ მოტყუებით გადაიყვანეს. სააკაშვილი 43-ე დღეა შიმშილობს.

სამადაშვილის თქმით, ევროპელ პოლიტიკოსებს სააკაშვილთან შესახვედრად თანხმობას არ აძლევენ

მასალების გადაბეჭდვის წესი