ახალი ამბები

“გირჩი – მეტი თავისუფლებამ” 6 ქალაქში სუს-ის შენობებთან აქცია-პერფორმანსი გამართა

12 ნოემბერი, 2021 • 1405
“გირჩი – მეტი თავისუფლებამ” 6 ქალაქში სუს-ის შენობებთან აქცია-პერფორმანსი გამართა

“გირჩი – მეტი თავისუფლების” წარმომადგენლებმა 6 ქალაქში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებთან ავტომანქანები დააყენეს, რომელთა მინებზე პლაკატებია გაკრული წარწერებით “სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი ბარიერით”, “რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე”, და ასევე- “კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ პრესსამსახურს”. პარტიის წარმომადგენლები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასაც ითხოვდნენ.

დღეს, 12 საათიდან, საქართველოს 6 ქალაქში “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსებმა სუს-ის შენობების შესასვლელები მანქანებით ჩაკეტეს. გორში სუსის შენობის შესასვლელი ჩახერგილი აქვს ბადრი გრიგალაშვილს, თბილისში – ზურა ჯაფარიძეს, ბათუმში – თემურ გორგაძეს, ქუთაისში – იმედა კლდიაშვილს, რუსთავში – ირაკლი კუკანიას და თელავში – ტორესა მოსს.

“გირჩი – მეტი თავისუფლების” წარმომადგენლის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, “სისტემას”დაამარცხებს ადამიანების ინდივიდუალური პროტესტი. ამის შესახებ ჯაფარიძემ “გირჩი ტივი”-სთან განაცხადა:

“საბოლოო ჯამში ,ამ სისტემას დაამარცხებს ადამიანების ინდივიდუალური პროტესტი, ამის მჯერა მე და ყველას შეუძლია რაღაცის გაკეთება. თუ მართლა მოინდომებ, მილიონი რამის მოფიქრება და გაკეთება შეიძლება. აქ რომ მოვდიოდი, გასაგები იყო ჩემთვის, რომ აქ არ დაგვტოვებდნენ, მაგრამ რაღაც პონტში მზაობა უნდა გვქონდეს, რომ რაღაც ტიპის მსხვერპლზე წახვიდე, მათ შორის იმაზე, რომ შეიძლება თავისუფლება დაკარგო ცოტა ხნით, იმაზე, რომ შეიძლება მანქანა დაგიზიანონ, იმაზე, რომ შეიძლება ჯარიმა აგკიდონ და ა.შ. მე მგონია, რომ არის ასეთი ხალხი, ვინც შეიძლება ამაზე წავიდეს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ფოტო: კადრი “გირჩი ტივის” პირდაპირი ეთერიდან

მოგვიანებით თბილისში, სუს-ის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ზურაბ ჯაფარიძე და მისი მანქანა ევაკუატორით წაიყვანეს. ევაკუატორით გადაჰყავთ ასევე თემურ გორგაძე და იმედა კლდიაშვილიც.

“გირჩი ტივის” ინფორმაციით, აქცია-პერფორმანსის დროს დააკავეს ტორესა მოსი, გიორგი ფუტკარაძე და ბადრი გრიგალაშვილი. “ნეტგაზეთი” აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება შსს-სთან ცდილობს. ამ ეტაპზე უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაციას აზუსტებენ.

 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/375008/?fbclid=IwAR3WLvPLk5bCDuekn8ILgcookv-LEnD-zYY5E6MgdTqdAkencinwgE0VASQ

მასალების გადაბეჭდვის წესი