ახალი ამბები

დეპუტატის თქმით, კადრებით საზოგადოებამ დაინახა, რომ შიმშილობა სპეკულაცია იყო

11 ნოემბერი, 2021 • 2031
დეპუტატის თქმით, კადრებით საზოგადოებამ დაინახა, რომ შიმშილობა სპეკულაცია იყო

„შეიძლება, მორწმუნე ადამიანს რწმენა ჰქონდეს, რომ 40 დღეზე მეტი მოშიმშილე ადამიანი ინარჩუნებდეს ენერგიას, მაგრამ ამ დონეზე ფიზიკურად ძალადობდეს ბადრაგის თანამშრომლებთან, არ ვიცი…“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი გურამ მაჭარაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელიც ასახავს ძალის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

„ოცნების“ დეპუტატის თქმით, დღეს, 11 ნოემბერს, გავრცელებულმა კადრებმა დაადასტურა, რომ სააკაშვილის შიმშილობა სპეკულაცია იყო.

„ამ კადრებით საზოგადოებამ დაინახა ორი რამ. ერთი ის, რომ ჩვენ ვამბობდით, სახელმწიფოს და პენიტენციურ სამსახურს აქვს ვალდებულება, პატიმარზე იზრუნოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით… მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი. თქვენ ნახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც, სამწუხაროდ, შესვლაზე უარი განაცხადა და ბადრაგს მოუწია, ის იძულებით გადაეყვანა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობს სტაბილურობის გამო.

მეორე რამ, რაც დაინახა საზოგადოებამ… 40 დღეზე მეტი მოშიმშილე ადამიანი როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ბადრაგის თანამშრომელს. რასაც ვამბობდით, რომ სამწუხაროდ, მისი შიმშილობის ფაქტი იყო სპეკულაცია, ეს დადასტურდა, და მეორე ის, რომ ბადრაგის თანამშრომელს ფიზიკურად შეურაცხყოფას აყენებს.

ამით ორი რამ დაინახა საზოგადოებამ. როცა გინდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უზრუნველყოფილი იყო, უნდა დაემორჩილო ბადრაგს და სამედიცინო დაწესებულებაში შეხვიდე. საზოგადეობამ დაინახა, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცლა გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) ძალის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი კადრები.

კადრები, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერით არის გადაღებული და გავრცელებულ ვიდეოში ხმა არ ისმის.

მასალების გადაბეჭდვის წესი