ახალი ამბები

დადასტურდა ძალადობა დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ – მელია

11 ნოემბერი, 2021 • 823
დადასტურდა ძალადობა დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალის გამოყენებით გადაყვანის ამსახველი კადრები ადასტურებს, რომ სააკაშვილზე იძალადეს და მოტყუებით გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში.

„ეს [გამოქვეყნება] იყო იძულებითი ნაბიჯი. იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან მოუწევდათ გასაჯაროვება, მოუწევდათ ამ კადრების სტრასბურგის სასამართლოსთვის გადაცემა, რადგან მისი ადოვკატები ამაზე საუბრობდნენ პირველივე წუთებიდან“, – განუცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიმდინარე აქციაზე ყოფნისას.

ნიკა მელიას განცხადებით, კადრებში „ჩანს ძალადობა დატყველებული ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მოტყუებით გადაიყვანეს იქ, სადაც მისი გადაყვანა არ შეიძლება“.

„მიხეილ სააკაშვილი თავისი ნებით თუ მიჰყვებოდა რუსთავის ციხიდან, პირად ნივთებს ალაგებდა და მშვიდად და წინააღმდეგობის გარეშე გამოდიოდა, რა მოხდა „ბ“ პუნქტში გადაყვანისას? ამ კითხვაზე პასუხი რეჟიმის გავრცელებულ კადრებში ვიპოვეთ – [ის მოტყუებით გადაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში]”, – განაცხადა მელიამ.

„ამ ქვეყნაას არ ჰყავს მთავრობა, მას ჰყავს რეჟიმი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ის, რაც სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება, „არ არის მართლმსაჯულება, – ესაა შურისძიება საქართველოს ერთ შვილზე, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის“.

ნიკა მელიამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციაზე პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება დააანონსა: „საპროტესტო მოძრაობა, რაც დაიწყო, არ დასრულდება ამ ქვეყნის გამარჯვებამდე“.


იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი კადრები.

კადრები, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერით არის გადაღებული და გავრცელებულ ვიდეოში ხმა არ ისმის.

მასალების გადაბეჭდვის წესი