მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა „არ არის კარგი და ასე გაგრძელება შეუძლებელია“.
„აქვს დაზიანებები, რა დაზიანებები აქვს, არ ვილაპარაკებ ამაზე. აქვს სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები, მე შევამჩნიე ჩემი თვალით. ეს დაზიანებები იყო აღბეჭდილი ფოტოსურათებში. უფრო მეტ კონკრეტიკას მოყვებიან კომისიის წევრები.
ერთს გეტყვით, რომ სუსტად არის, მაგრამ ემზადებოდა დღევანდელი სასამართლოზე გამოსვლისთვის, შინაგანად გაძლიერებული იყო და ელოდა და ფიქრობდა, რომ მისცემდნენ უფლებას გამოსულიყო, არ გამოვიდა ეს და ძალიან უკმაყოფილოა.
მედიკამენტებს არ ღებულობს, ტესტები ავიღეთ, ტესტების გარკვეული ნაწილი არის უარესი, რაც მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ აქ მკურნალობას ჩვენი პრეზიდენტი არ გადის. ანალიზები დღეს ჩავატარეთ. ნაწილი ანალიზების გაუარესებულია. მდგომარეობა არ არის კარგი და ასე გაგრძელება შეუძლებელია.
ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავიყვანოთ ისეთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც შესაძლებელი იქნება მისი მკურნალობა. აქ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.
ჩვენ ვაკეთებთ იმიტაციას ამ მოძრაობების, ვითომ კონსილიუმს ვხდებით, ვლაპარაკობთ მის ჯანმრთელობის შესახებ, ტელევიზიები დღე და ღამე აშუქებენ, რა იქნება. ამ დროს ყველამ მშვენივრად იცის, რით დამთავრდება ეს ყველაფერი, დამთავრდება ერთით – სიკვდილით.
სხვა გამოსავალი აქ არ არის. ბევრი მეუბნება, რატომ აბუქებო, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე.
დაახლოებით ორი კვირის წინ ვთქვი იგივე, ფიზიკურად ძალიან ძლიერია და გაუძლო ეს ორი კვირა და კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს, ვერ გეტყვით, ვერ მოგცემთ გარანტიას. აქ შევხვდი მთავარ ექიმს, ყოფილ სამხედრო ექიმს, ამ ციხის საავადმყოფოს დირექტორს და მორჩა – არავითარი აპარატურა არ მინახავს, პრეზიდენტს შევხვდი სპეციალურ ოთახში“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
დღეს მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი მის გამოსაკითხად და ექსპერტიზის ჩასატარებლად შევიდა.
სააკაშვილი 41-ე დღეა შიმშილობს.