ახალი ამბები

სააკაშვილის დღევანდელი პროცესი დასრულდა, მომდევნო სხდომა 29 ნოემბერს ჩაინიშნა

10 ნოემბერი, 2021 • 1468
სააკაშვილის დღევანდელი პროცესი დასრულდა, მომდევნო სხდომა 29 ნოემბერს ჩაინიშნა

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა 29 ნოემბერს ჩაინიშნა.

საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ, 10 ნოემბრის სხდომაზე აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა.

თუმცა სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება იმ საქმეების გამო, რაზეც სასამართლოს უკვე დასრულებული აქვს განხილვები და უკვე მისჯილი აქვს პატიმრობა.

10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის საქმე განიხილებოდა.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი.

სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა სხდომათა დარბაზში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უარი განაცხადა.

უწყება ახსენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც „იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით“.

სხდომას ესწრებოდა გიგი უგულავა, რომელიც მოსამართლემ პროცესიდან გააძევა. მან ასე შეაფასა სასამართლო:

„ეს არ არის სასამართლო პროცესი. ადამიანს [მიხეილ სააკაშვილს] სასამართლო პროცესზე მოყვანაზე უარს ეუბნებიან, ადამიანს ეუბნებიან უარს სატელეფონო ზარზე, რაც კანონით გათვალისწინებულია. ეუბნებიან ყველაფერზე უარს – არც შენი ხმა, არც შენი ვიზუალი არ გამოჩნდესო. სასამართლო არის ჩვეულებრივი ტროიკა 1937 წლის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი