ახალი ამბები

ეს სასამართლო „ტროიკაა“ — უგულავა

10 ნოემბერი, 2021 • 1108
ეს სასამართლო „ტროიკაა“ — უგულავა

გიგი უგულავა, რომელიც საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 ნოემბერს, 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე გამართული პროცესიდან გამოაძევეს, სასამართლოს „ტროიკას“ ადარებს. ის აცხადებს, რომ პროცესზე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთაა.

„ტროიკა“ საბჭოთა რეპრესიული მართლმსაჯულების ელემენტია, რომელიც შედგებოდა სამი მსაჯულისგან. „ტროიკა“ იღებდა გადაწყვეტილებებს, მათ შორის, დახვრეტაზე.

„იმიტომ, რომ ეს არ არის სასამართლო პროცესი. ადამიანს [მიხეილ სააკაშვილს] სასამართლო პროცესზე მოყვანაზე უარს ეუბნებიან, ადამიანს ეუბნებიან უარს სატელეფონო ზარზე, რაც კანონით გათვალისწინებულია., ეუბნებიან ყველაფერზე უარს – არც შენი ხმა, არც შენი ვიზუალი არ გამოჩნდესო. სასამართლო არის ჩვეულებრივი ტროიკა 1937 წლის… პოლიტიკური დაკვეთაა, აბა, რა?!

იმიტომ, რომ შესციცინებდნენ, რასაც ეტყოდა პროკურორი ჯარჯი ,იმას მერე ლამაზად აფორმებდნენ. გულისამრევია, სამარცხვინოა, ეს არაა სასამართლო, ესაა ტროიკა“, – აცხადებს უგულავა.


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ პროცესზე ჟურნალისტებს დასწრების უფლება არ მისცეს. მისი გაშუქების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, რომელიც განხილვას პირდაპირ ეთერში არ გადასცემს.

უგულავა სწორედ ამ პროცესიდან გააძევეს.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი. სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა სხდომათა დარბაზში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უარი თქვა, ის სასამართლო პროცესს სახელმწიფოს გადაწყვეტილებით არ ესწრება.

უწყება ახსენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც “იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით”.

ვრცლად:

გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი