ახალი ამბები

მშვიდად და მტკიცედ მოვალთ ყველგან – მელია მის მიერ არჩეულ ტაქტიკას განმარტავს

9 ნოემბერი, 2021 • 1057
მშვიდად და მტკიცედ მოვალთ ყველგან  – მელია მის მიერ არჩეულ ტაქტიკას განმარტავს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რატომ არის მათ მიერ არჩეული ტაქტიკა  „რეჟიმის გასატეხად“ სწორი.

მელიას თქმით, ოპოზიციის ფუნქციაა, რაც შეიძლება მეტი და მეტი ადამიანი ჩართონ აქტიურ პროტესტში და რაც შეიძლება მეტი და ფართო დისკომფორტი შეუქმნან „რეჟიმს და, საბოლოო ჯამში, მოახდინონ მისი პარალიზება“.

მისი თქმით, ეს მხოლოდ მშვიდობიან, დიდ და სიმართლეზე დაფუძნებულ მოძრაობას შეუძლია. როგორც მელია ამბობს, ასეთ მოძრაობებს არ წაუგია არსად და არასდროს. მისი თქმით, „რეჟიმის ხელთაა ახლა ფული, ადმინისტრაცია და ძალოვნები“ და ამის იმედად არიან.

„ხელისუფლების მიერ სასიკვდილოდ გადადებული მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიასი და სხვა მომხრეები ოპოზიციისა ვართ მილიონზე გაცილებით მეტი!
უფრო მეტიც – იმ ადამიანების აზრსა და ემოციებს თუ შევხედავთ, ვინც აქამდე გულგრილი იყო პოლიტიკური პროცესების მიმართ, მაგრამ ახლა უყურებს და აცნობიერებს ხელისუფლების ველურობასა და ივანიშვილის შურისძიების დაუოკებელ ჟინს – შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს გამიჯნულია ამ კრიმინალთა ვიწრო წრეს, ვინც ქვეყანას თავს დააჯდა“, – წერს მელია.

როგორც მელია აღნიშნავს, მთავრობას განსაკუთრებით სურს, რომ ოპოზიციას მოთმინება დააკარგვინოს, ძალოვნები გამოიყენოს და პროტესტი ჩაახშოს და „მოამთავროს“.

„პირველი, რომ ბრიყვს შეუძლია იფიქროს, რომ ასიათასობით ადამიანის პროტესტს ძალით და დაჭერებით დაამთავრებს და მეორე:
არ მოგცემთ შანსს გაასაღოთ ეს მოძრაობა ძალადობრივ მოძრაობად – ეს ზღაპრები სუსში ერთმანეთს მოუყევით!
ჩვენ კი მშვიდად და მტკიცედ მოვალთ ყველგან, სადაც ხართ, ყველა თქვენს უწყებასთან, ყველა თქვენს ღონისძიებასთან, ყველგან, სადაც დანაშაულებრივ გეგმებს აწყობთ – მოვალთ და ხმამაღლა გეტყვით, რომ მკვლელები ხართ, კრიმინალები ხართ!
თქვენ გგონიათ, დავიღლებით, გამოვიფიტებით. არა და ვნახოთ, ვინ გამოიფიტება პირველი – ჩვენ ჩვენს ბრძოლაში თავისუფლებისთვის და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად, არჩევნების დასაბრუნებლად, თუ თქვენ თქვენი მარიონეტული სკამების შესანარჩუნებლად!

ჩვენ ვიმოქმედებთ სწორი ტაქტიკით – ღამე შენობებთან თენება ამ ეტაპზე არაეფექტური მგონია. უნდა ვიმოქმედოთ დილიდან, მთელი დღის განმავლობაში დემორალიზებული და ძალოვნების იმედად დარჩენილი რეჟიმის გამოსაშიგნად. თქვენ ისეთი სილა გაარტყით ათიათასობით ადამიანს, რომ არ გეპატიებათ, არ შეგრჩებათ.

ის, რაც გუშინ ქნეს, როცა პატიმრობაში მყოფი და 40 დღე ნაშიმშილარი პრეზიდენტი მოტყუებით, რომ საავადმყოფოში მიჰყავდათ, კრიმინალის ბუდეში შეაგდეს, მასზე ძალა გამოიყენეს, ხელით შეეხენ, აგინეს, დაემუქრნენ – ეს როგორ შეგრჩებათ, როგორ გგონიათ!
არ მოგცემთ შანსს, სამოქალაქო დაპირისპირების მორევში ჩაძიროთ ქვეყანა და მერე უფროს ძმას სთხოვოთ დახმარება, როგორც ორჯონიკიძეებმა და მახარაძეებმა. მოკლედ, ბოლოს მოგიღებთ უწყვეტი, მზარდი პროტესტით და გაიძულებთ დანიშნოთ არჩევნები, გაიძულებთ!“ – წერს მელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი