საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გოგი ხოშტარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობას იჩენს.
ხოშტარია თავის განცხადებაში იმედოვნებს, რომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტი და საერთაშორისო ორგანიზაციები შესაბამის ზომებს მიიღებენ.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ის საელჩოს საქართველოში, Human Rights Watch-ის ჰელმანისა და ჰამეტის ფონდის წარმომადგენლობას, საქართველოს მეორე რესპუბლიკის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის, Human Rights Watch-ის 1995 წლის გრანტის მფლობელის, გიორგი ხოშტარიას მიმართვა.
როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობის ერთ-ერთი პირველი გამკვალავი, როგორც კეთილი ნების ადამიანი, თავს მოვალედ ვთვლი, განვაცხადო საქართველოში შექმნილ მწვავე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით: ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.
ამის ერთ-ერთი აღმაშფოთებელი გამოვლენაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. დარწმუნებული ვარ, არ დარჩებით გულგრილნი და, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღებთ შესაბამის ზომებს საყოველთაო ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია გოგი ხოშტარიას განცხადებაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მეშვიდე დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს ელენე ხოშტარია. ის მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და ამ დრომდე გადასხმასა და ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს.