ახალი ამბები

არ არის აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით – გაბუნია ციხის საავადმყოფოზე

9 ნოემბერი, 2021 • 1777
არ არის აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით – გაბუნია ციხის საავადმყოფოზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის და „შესაძლებელია, დახმარება დასჭირდეთ“.

9 ნოემბერს ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში რეგულირების სააგენტოს ჩატარებული შემოწმებისა და მისი პირადი ვიზიტის შემდეგ შეუძლია თქვას:

„გლდანის საავადმყოფოში შექმნილია ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა, რეანიმაციების ბრიგადა მობილიზებულია. ინტენსიური თერაპია ნიშნავს მიმდინარე პერიოდში კარდიალურ ფუნქციებზე დაკვირვებას, ასევე, გადასხმების უზრუნველყოფას, ინტენსიური თერაპიის სხვა შესაძლებლობების გამოყენებას, თუკი ამის საჭიროება დადგება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს კლინიკა არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და, ბუნებრივია, მის შესაძლებლობებს დამატებით შესაძლოა დახმარება დასჭირდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

შიმშილობის გაცხადებიდან 39-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) გადაიყვანეს,  სახალხო დამცველის და კონსილიუმის უარყოფითი დასკვნისა და სააკაშვილის თქმით, მისი ნების საწინააღმდეგოდ.

სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით კი იუსტიციის სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკაც დააზიანა.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გლდანის ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, რომ სააკაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა იგი მოატყუა, – უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, თუმცა საბოლოოდ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი