ახალი ამბები

სააკაშვილი უარყოფს, რომ კონსილიუმთან შეხვედრაზე უარი თქვა

9 ნოემბერი, 2021 • 1262
სააკაშვილი უარყოფს, რომ კონსილიუმთან შეხვედრაზე უარი თქვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ 8 ნოემბერს განაცხადა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანამდე მას უთხრეს, თითქოს სააკაშვილს კონსილიუმთან შეხვედრა არ სურდა. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, სააკაშვილი რუსთავის ციხის დატოვებამდე კონსილიუმთან შეხვედრას ელოდა.

საუბარია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის შექმნილ სპეციალურ კონსლიუმზე, რომელშიც სხვადასხვა პროფილის ექიმი წევრიანდება. კონსილიუმის წევრები 8 ნოემბერს რუსთავის ციხეში იმყოფებოდნენ, თუმცა ექსპრეზიდენტთან შეხვედრა ვერ შეძლეს.

როგორც ნინო ლომჯარიამ განუცხადა ნეტგაზეთს, სააკაშვილის ინფორმაციით, მას სამედიცინო კონსილიუმის ექიმებთან სურდა შეხვედრა, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ ამაზე უარი განუცხადა და მხოლოდ კონსილიუმის გადაწყვეტილება გააცნო, რის შემდეგაც თავად ჩაალაგა ბარგი და რუსთავის პენიტენციური დაწესებულების დატოვებისთვის მოემზადა:

“სააკაშვილმა თქვა, რომ უნდოდა [კონსილიუმთან] შეხვედრა, ელოდებოდა და როცა უთხრეს, რომ [სამოქალაქო კლინიკაში] უნდა გადაეყვანათ, მოითხოვა კიდეც შეხვედრა ექიმთან და კონსილიუმთან, თუმცა უარი უთხრეს. პირიქით, უნდოდა შეხვედრა და არ შეახვედრეს [კონსილიუმს]. მიზეზი არ დაუკონკრეტებია. მითხრეს, რომ კონსილიუმი შედგა, ასეთი [კლინიკაში გადაყვანის] გადაწყვეტილება იქნა მიღბული და დროზე უნდა გადაგიყვანოთო. ვითხოვდი ამ დროს შეხვედრას, რომ სანამ წავალ, იქნებ დამალაპრაკოთ ექიმებსო, მაგრამ უარი მითხრეს, ვერ შეხვდებიო და ჩავალაგე მე თვითონ, დავემშვიდობე იქაურ ექიმებს და წამოვედიო”, – განმარტა ლომჯარიამ ნეტგაზეთთან.

მანამდე კი, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა და გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, კონსილიუმის გადაწყვეტილება მისმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გააცნო ჟურნალისტებს.

ჟურანლისტებმა მას ჰკითხეს, რატომ არ შეხვდა კონსილიუმი სააკაშვილს, რაზეც ყიფშიძემ უპასუხა, რომ ციხის ადმინისტრაციამ მათ უთხრა, თითქოს სააკაშვილს თავად არ სურდა ექიმებთაან შეხვედრა.

“ჩვენ ავადმყოფი [სააკაშვილი] არ გვინახავას. ჩვენ გვითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ უნდა კონსილიუმთან შეხვედრაო… მე იმიტომ ვერ შევხვდი, რომ მითხრეს, აქ ბევრი მნახველია და უნდა გამოვსულიყავი… დაკავებული იყო მთელი დღე შეხვედრებით და მერე დრო აღარ იყო შეხვედრების”, – განაცხადა ყიფშიძემ სააკაშვილის გადაყვანამდე გლდანის ციხის საავადმყოფოში.


მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) დღეს, 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

ცოტა ხნით ადრე მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა სააკაშვილის დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა.

„ავადმყოფი გადაუდებლად იქნეს გადაყვანილი მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში“, – განაცხადა ყიფშიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა ციხეში შიმშილობს. ის ამბობს, რომ აპირებს, სიკვდილამდე იშიმშილოს.

მთავრობა უარს აცხადებდა სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანაზე და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს სწორედ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში (ციხის საავადმყოფოში) გადაიყვანდა.

თუმცა, სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამებოდა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. გლდანის კლინიკაში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდა თავად სააკაშვილიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი