ახალი ამბები

[ვთხოვე, რომ] გადასხმები მაინც გაიკეთოს – სუბარი ხოშტარიას შეხვდა

8 ნოემბერი, 2021 • 1244
[ვთხოვე, რომ] გადასხმები მაინც გაიკეთოს – სუბარი ხოშტარიას შეხვდა

“ქართული ოცნების” წევრმა სოზარ სუბარმა მოინახულა მოშიმშილე ელენე ხოშტარია, რომელმაც დღეს, 8 ნოემბერს, გონება დაკარგა.

სუბარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხოშტარია მის მოწოდებას არ გაითვალისწინებს, მისი თხოვნა იქნება, რომ გადასხმა მაინც გაიკეთოს.

“ამ წუთში უკეთ არის, მაგრამ შიმშილობის დროს შესაძლებელია, მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს. კარგად ვიცი, რომ არ გაიზიარებს ჩემს არც თხოვნას და მოწოდებას, მაგრამ ერთადერთი თხოვნაც და მოწოდებაც ეს იქნება, რომ თუ შეწყვეტს შიმშილობას, ყველაზე კარგი, თუ არადა, გადასხმები მაინც გაიკეთოს”, – განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას შიმშილობის მიზეზს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ, სუბარი ამბობს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.

“ელენეს, როგორც პოლიტიკოსს და ადამიანს, პატივს ვცემ, მაგრამ სასჯელაღსრულების სამედიცინო სამსახური და კონსილიუმი ყოველდღიურ მონიტორინგს აწარმოებენ და მათზე უკეთ არავინ იცის, როდის რა ესაჭიროება ადამიანს. ჯერჯერობით არც კონსილიუმს უთქვამს მისი გადაყვანაზე, არც სასჯელაღსრულების სამსახურის ექიმები ამბობენ ამას. ამბობენ, რომ ამ წუთისთვის სააკაშვილის მდგომარეობა არის ნორმალური, თუ საჭირო გახდება გადაყვანა, გადაიყვანენ იმ კლინიკაში, სადაც მას აღმოუჩენენ ადეკვატურ დახმარებას”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

“დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც მეექვსე დღეა შიმშილობს, დღეს გონება დაკარგა. როგორც სასწრაფო დახმარების ექიმმა განაცხადა, სასურველია, რომ ხოშტარია კლინიკაში გადავიდეს. თუმცა ელენე ხოშტარია ჰოსპიტალიზაციასა და გადასხმაზე უარს აცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი