ახალი ამბები

ქარტია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის დროულ გამოძიებას ითხოვს

8 ნოემბერი, 2021 • 1425
ქარტია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის დროულ გამოძიებას ითხოვს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს “იმედის” ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტის დროულად და ეფექტიანად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ქარტიის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის 6 ნოემბერს, რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციისას ტელეკომპანიის აპარატურა დაზიანდა. „იმედის“ წარმომადგენლების ცნობით, გადამღებ ჯგუფს ხელი შეეშალა პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.

„იმედის ჟურნალისტის თქმით, აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიას მანქანაზე მუქარის შემცველი წარწერები დატოვეს და მედიასაშუალების მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს „იმედის” ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი”, — ნათქვამია ქარტიის 8 ნოემბრის განცხადებაში.

ამასთან, ქარტია დღეს დაგეგმილი ოპოზიციის აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, რომ არ წაახალისონ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა.

“ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება მედიის მიმართ აგრესიის ტენდენციურობასთან დაკავშირებით, რაც ძირითადად კრიტიკული მედიასაშუალებების მისამართით გამოიხატება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის, როგორც ჟურნალისტური გაერთიანებისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს თითოეული ჟურნალისტის უფლება, რათა მათ შეძლონ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება და საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე მოვლენების შესახებ”, – ნათქვამია განცახდებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი