ახალი ამბები

ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან გარდაცვლილი მამაკაცი FSB-ს აგენტი იყო – Spiegel

5 ნოემბერი, 2021 • 1852
ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან გარდაცვლილი მამაკაცი FSB-ს აგენტი იყო – Spiegel

გერმანული გამოცემა Spiegel-ის თანახმად, მამაკაცი, რომელიც გასულ თვეში ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან გარდაცვლილი იპოვეს, იყო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ფარული აგენტი.

35 წლის მამაკაცის სხეული, რომლის სახელიც ამ ეტაპზე უცნობია, ადგილობრივმა პოლიციამ 19 ოქტომბერს იპოვა.

გამოცემის თანახმად, იგი სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა გვამის გაკვეთაზე უარი რუსეთის საელჩომ განაცხადა.

გამოცემის მიხედვით, გაურკვეველია, თუ რას უკავშირდება გარდაცვლილი დიპლომატის სიმაღლიდან გადმოვარდნა.

Spiegel-ის მიხედვით, გარდაცვლილი მამაკაცი ოფიციალურად გაფორმებული იყო, როგორც საელჩოს მეორე მდივანი.

იგი ასევე ოჯახით იყო დაკავშირებული რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მეორე დეპარტამენტის უფროს ოფიცერთან. ეს დეპარტამენტი, სხვა საკითხებთან ერთად, კონტრ-ერორიზმზეა პასუხისმგებელი და დასავლური სახელმწიფოთა ნაწილის უშიშროების სამსახურების თანახმად, კავშირშია 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან.

რუსეთის საელჩოს თანახმად, ინციდენტი იყო „უბედური შემთხვევა“, რომლის შესახებაც დამატებითი კომენტარები „ეთიკური მიზეზების“ გამო აღარ გაკეთდება.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათთვის მომხდარის შესახებ ცნობილი იყო, თუმცა არ შეუძლია დამატებით დეტალებზე საუბარი.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ დამატებით  გაიგეთ ნეტგაზეთის მასალიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი