ახალი ამბები

მორგოშიას თქმით, ენმ-ის აქციის საპასუხოდ მობილიზება იგეგმება

5 ნოემბერი, 2021 • 2685
მორგოშიას თქმით, ენმ-ის აქციის საპასუხოდ მობილიზება იგეგმება

“ალტ-ინფოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია “ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქციის პარალელურად მხარდამჭერების მობილიზებას არ გამორიცხავს.

“ნაციონალები” აპირებენ საკმაოდ დიდი ხალხის მასის მობილიზებას და სხვადასხვა პროვოკაციას, როგორიცაა ადმინისტრაციული შენობების დაკავება და შტურმი. ჩვენ, უბრალოდ, ვიქნებით მობილიზებულები.

რამდენიმე დღეა, გვაქვს კომუნიკაცია, რამდენიმე ათასი კაცია, რომელიც სულ რაღაც ერთ საათში, საათ-ნახევარში შეიძლება, დათქმულ ადგილას გაჩნდეს. ხვალინდელ აქციას მართავს “ნაციონალური მოძრაობა” და აგრესია იქნება თუ რა იქნება, უნდა ჰკითხოთ მათ”, — განუცხადა მორგოშიამ “ტვ პირველს”.

მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლები 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ჩაშლისა და ჟურნალისტებზე ძალადობის ავანგარდში იყვნენ . „ალტ-ინფოდან“ დაანონსდა, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდებით ღირსების მარშის ჩაშლა და დაიგეგმა შეკრება.

“500-600 კაცი გამოვეყოთ მასას, არ ავირიოთ და დავიძრათ “სირცხვილიას” ოფისისკენ” ,— კონსტანტინე მორგოშიას ამ მიმართვით დაიწყო უშუალოდ “სირცხვილიას” ოფისზე თავდასხმის ორგანიზება, სადაც სცემეს “ტვ პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას.

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები გამოძიებას ამ დრომდე არ გამოუვლენია.

„ალტ-ინფოს“ ტესტი — რით უნდა ვუპასუხოთ ტელევიზიით დაანონსებულ ძალადობას?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი