ახალი ამბები

ქუთაისში “სირცხვილიას” ორი წევრი დააკავეს

5 ნოემბერი, 2021 • 1024
ქუთაისში “სირცხვილიას” ორი წევრი დააკავეს

სამოქალაქო მოძრაობის, “სირცხვილიას”ქუთაისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, მიშიკო მუმლაძე და აქტივისტი იმედა ონიანი გუშინ, 4 ნოემბერს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” დაკავების ფაქტი დაადასტურეს.

როგორც დიღმელაშვილმა “ნეტგაზეთთან” განაცხადა, მისი ინფორმაციით “სირცხვილიას” წარმომადგენლები საპროტესტო ბანერის დამზადების პროცესში დააკავეს და, როგორც თვითმხილველებისგან იცის, დაკავების ფორმა საკმაოდ უხეში იყო.

“დიდი ბანერების დამზადებას ცდილობდნენ, დაკიდებამდე საქმე არც მისულა, და ამ დამზადების დროს, როგორც ჩანს, დაადგნენ თავზე. მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ,როგორც ამბობენ, მოიტაცესო, ანუ ჩასვეს მანქანაში, წაიყვანეს სამტრედიაში და მეგობრები და ოჯახის წევრები საათების განმავლობაში ეძებდნენ. თავიდან არც არავინ იცოდა, სად იყვნენ. დაახლოებით სამ საათში მოხერხდა მათი პოვნა სამტრედიაში და შემდეგ დიდი ხანი გაპრობლემდა კიდევ ადვოკატის შეშვება”, – ამბობს დიღმელაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ მიშიკო მუმლაძე და იმედა ონიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა თქვეს, რომ კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გვეტყვიან. ასევე, ამ ეტაპზე შსს-ში არ დააზუსტეს თუ სად არიან “სირცხვილიას” დაკავებული წევრები.

დაკავებულების ადვოკატის, ელისო დათუსანის თქმით, მიშიკო მუმლაძე და იმედა ონიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ადვოკატის თქმით, მუმლაძე და ონიანი ამბობენ, რომ ისინი არჩევნებთან დაკავშირებული პლატის გაკეთების მომენტში დააკავეს, მაშინ, როდესაც წარწერების გაკეთება დასრულებულიც არ ჰქონდათ.

დათუსანის განცხადებით დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება, თუმცა პროცესი ჩანიშნული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი