2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 614 763 შეადგინა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ინფიცირებულთა 10%-ს შეადგენს 0-დან 15 წლამდე ბავშვები, 12%-ს — მოზარდები და ახალგაზრდები (15-24), 22%-ს — 60 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეები.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 57% მოდის ქალებზე, 43% — კაცებზე, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებლის სხვაობა ქალებსა და კაცებს შორის მინიმალურია.
პანდემის დააწყებიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში COVID-19-ით განპირობებული ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 8 976-ს შეადგენდა (ლეტალობის მაჩვენებელი 1.46%). სიკვდილიანობის მაჩვენებლების როგორც რაოდენობრივი, ისე 1 მლნ მოსახლეზე მაქსიმალური შემთხვევები დაფიქსირდა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში.
2020 წლის აპრილიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით COVID-19-ით სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალ მნიშვნელობას ინარჩუნებდა თბილისში. გამონაკლისს წარმოადგენს 2020 წლის ოქტომბერი-ნოემბერი, როდესაც მაქსიმალური წილი დაფიქსირდა აჭარის რეგიონში.
კვლევის თანახმად, ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. სიკვდილის შესახებ სამედიცინო ცნობაში COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 69%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება და გართულება.
თანმხლები დაავადებები:
- კარდიო-ვასკულარული დაავადებები (ჰიპერტენზიის გარდა) – 69.1%
- ჰიპერტენზია – 35.3%
- დიაბეტი – 25.5%
- ონკოლოგიური დაავადება – 5.8%
- ფილტვის ქრონიკული დაავადება – 4.4%.
გართულებებს შორის 74.7%-ს შეადგენს პნევმონია, 73.6% — სუნთქვის უკმარისობა, 25.8% — რესპირაციული დისტრეს სინდრომი, 19% — გულის უკმარისობა.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 7 708 ბავშვს და მათგან 8 გარდაიცვალა.
ორსულებში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობაა 7 338 (საერთო შემთხვევების 8.6%). აქედან ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 17 არავაქცინირებულ შემთხვევაში.
კვლევა წარმოადგენს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მეშვიდე გადახედვას და მოიცავს 2020 წლის 23 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის მონაცემებს. ვრცელი ანგარიში შემუშავდება 2020-2021 წლების პერიოდზე და გამოქვეყნდება 2022 წლის დასაწყისში.