ახალი ამბები

„რევოლუცია“ – „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პერფორმანსი სუს-თან

4 ნოემბერი, 2021 • 836
„რევოლუცია“ – „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პერფორმანსი სუს-თან

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებმა თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან პერფორმანსი გამართეს.

პარტიის ორი წევრი, ცოტნე კობერიძე და ბორის (ჩელე) ყურუა, სუს-თან მივიდნენ, მიიტანეს მაგიდა, წარწერით „რევოლუცია“ და ხმამაღლა დაიწყეს საუბარი რევოლუციაზე.

კობერიძემ თქვა, რევოლუციამ ბევრ ქვეყანას წარმატება მოუტანა და ის არ გულისხმობს აუცილებლად ძალადობრივ აქტს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წინა დღეს, 3 ნოემბერს განაცხადა, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები, განზრახ თუ გაუცნობიერებლად, პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება „სახელმწიფო შეთქმულების ფაქტზე“. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ, ხელი შეუშალონ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანას იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება.

უწყების მტკიცებით, საქმის ფიგურანტები გეგმავდნენ, სხვადასხვა საშუალებებით მოეხდინათ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების გზების ბლოკირება და ამ გზით ხელი შეეშალათ მისი ეტაპირების პროცესისთვის.

შემდეგ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „სახელმწიფო შეთქმულების ფაქტზე“ სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში შესაძლოა, არავინ დააკავონ, რადგან „უწყებამ დანაშაული ჩანასახშივე აღკვეთა“.

4 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადების საპასუხოდ, თბილისის ქუჩებში გამოჩნდა წარწერები – „რევოლუცია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი