ახალი ამბები

იზა ჩირგაძე პოლიციაში გამოკითხეს

3 ნოემბერი, 2021 •
იზა ჩირგაძე პოლიციაში გამოკითხეს

ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრმა იზა ჩირგაძე, რომელმაც არჩევნების გაყალბების შესახებ განაცხადა, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან თავის შეიკავეს. მანამდე, ორი დღის განმავლობაში ჩირგაძეს ვერ უკავშირდებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები. ტელეკომპანია „ფორმულამ“ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ ჩირგაძეს მიაკვლიეს ერთ-ერთ სოფელში და იგი უსაფრთხოდაა.

დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩირგაძე ქუთაისის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც ენმ-ის წევრი, დეპუტატი ხატია დეკანოიძე მივიდა.

“დღეს შუადღემდე იყო უსაფრთხოდ. ვიცოდით, რომ იმყოფებოდა ერთ-ერთ სოფელში და იყო უსაფრთხოდ. ადვოკატი არასამთავრობო ორგანიზაციიდან მზად არის, დაიცვას მისი უფლებები. უნდა ავსულიყავი მასთან და გვესაუბრა ყოველგვარი საჯაროების გარეშე, ასე გადავწყვიტეთ. თუმცა ამის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ პოლიციამ მიაკითხა და ქალაქის სამმართველოში წაიყვანა. როდესაც ქალაქის სამმართველოში იმყოფებოდა, მე ვესაუბრე მის ადვოკატს და მან ეს არ იცოდა. სანამ ყველა პოლიციის შენობა მოვიარეთ და სამხარეოდან მოვედით ქალაქის სამმართველოში, დაგვხვდა “იმედი” და “რუსთავი 2″ და, როგორც ჩანს, მხოლოდ მათ მისცა კომენტარი. ეს ნიშნავს, რომ დამიმალეს მე, არ გამესაუბრა. დავრეკე პრესცენტრთან, თუ რატომ გამოკითხეს ადვოკატის გარეშე, ზეწოლის ქვეშ ხომ არ არის, მაგრამ პასუხს არავინ მცემს”, — განუცხადა ხატია დეკანოიძემ “ტვ პირველს”.

თავად იზა ჩირგაძემ პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ არანაირი მუქარა და ზეწოლა მის მიმართ არ ყოფილა და გატაცებას ადგილი არ ჰქონია, იმყოფებოდა ნათესავის სახლში და ტელეფონი გათიშული ჰქონდა, რათა არავის შეეწუხებინა.

ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრმა იზა ჩირგაძემ პირველ ნოემბერს განაცხადა, რომ მას „ქართული ოცნება“ ხმების გაყალბებას აიძულებდა. ჩირგაძემ ეს განცხადება საჯაროდ 1 ნოემბერს გააკეთა ენმ-ის ოფისში, ბრიფინგზე. თუმცა, მისი თქმით, ენმ-ის წარმომადგენელს 31 ოქტომბერს, ანუ არჩევნების მეორე დღეს, დაურეკა და დეტალები მოუყვა.

ჩირგაძე საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების“ კვოტით მოხვდა, ის რეგისტრატორი იყო — ამომრჩეველთა საერთო სიაში მოქალაქეს ამოწმებდა, მარკირებას უტარებდა და უკვე შემდეგ ბეჭედდარტყმულ ბიულეტენს აძლევდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი