ახალი ამბები

ზესტაფონში ენმ-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ მანქანა დაუზიანეს

3 ნოემბერი, 2021 • 1132
ზესტაფონში ენმ-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ მანქანა დაუზიანეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ზესტაფონის ორგანიზაციის წარმომადგენელი მამუკა დათიაშვილი ამბობს, რომ მისი მანქანა დააზიანეს.

დათიაშვილი მანქანის დაზიანებას თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

„დღეს დილით რომ გამოვედი სახლიდან, მანქანა დამხვდა დაზიანებული. საქარე მინა იყო ჩამსხვრეული. ნივთები მელაგა და მატერიალური ფასეულობებიც მქონდა მანქანაში, მაგრამ წაღებული არაფერი არ არის. ბლაგვი საგნით იყო შუშა ჩამსხვრეული.

ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩემს პოლიტიკურ გემოვნებას უკავშირდება დღევანდელი ვანდალური ფაქტი […] პირველი არ არის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდამჭერებთან ანალოგიური ფაქტი მომხდარა და, სავარაუდოდ, მეც ვუკავშირებ ამას“, — განაცხადა „ფორმულასთან“ მამუკა დათიაშვილმა.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რამდენიმე დღის წინ ავტომობილი დაუზიანეს ქუთაისში პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, ელეონორა არჩაიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი