ახალი ამბები

“ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას” — სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

3 ნოემბერი, 2021 •
“ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას” — სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს.

“დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა, იბრძვის რუსთაველზე და ჩემს ციხესთან, ვინც აქციებს აწყობს მთელ მსოფლიოში.
ახლა მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას.

ეს ერთი დღე მალე დადგება, თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით, მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება. თუ ჩამოხვალთ, მე გპირდებით, რომ აქედან გამარჯვებულები წახვალთ”, — ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტურები ოქტომბერში გაიმართა. მეორე ტურის წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციამ მხოლოდ წალენჯიხაში შეძლო მერის არჩევნების მოგება, დანარჩენი ქალაქები კი “ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიგეს. რაც შეეხება საკრებულოს, ქვეყნის მასშტაბით “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა 7 საკრებულოში დაკარგა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები სხვადასხვა მეთოდით გაყალბდა, არ აღიარებს მის შედეგებს და აქციებს მართავს. ენმ-ის მიერ ორგანიზებული აქციები იმართება რეგიონებში, რუსთავის ციხესთან, ხოლო 6 ოქტომბერს დაგეგმილია აქცია თბილისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი