ახალი ამბები

“რატომ გაახსენდა მესამე დღეს” – მამუკა მდინარაძე იზა ჩირგაძეზე

3 ნოემბერი, 2021 • 1050
“რატომ გაახსენდა მესამე დღეს” – მამუკა მდინარაძე იზა ჩირგაძეზე

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრის, იზა ჩირგაძის განცხადება, რომ მას „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას აიძულებდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ 10-მდე წარმომადგენელს დაშინებისა და „სოლიდური შეთავაზებების“ სანაცვლოდ პარტიის წინააღმდეგ განცხადების გაკეთება მოსთხოვეს.

„ჩვენმა 10-მდე წარმომადგენელმა დაშინების და, უფრო მეტად, სოლიდური შეთავაზებების მიუხედავად, უარი თქვა იმაზე, რომ საკუთარი გუნდისთვის რაღაც დაებრალებინათ.

მე არ ვიცი, რა გახდა არასწორი ინფორმაციის გავრცელების საფუძველი, რაც ამ ადამიანის (იზა ჩირგაძის) მხრიდან მოხდა.

რატომ გაახსენდა მესამე დღეს. თუ ასეთ რამეს ეუბნებოდა ვინმე, რატომ არ მოხდა იმავე დღეს (რეაგირება)“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრმა იზა ჩირგაძემ პირველ ნოემბერს განაცხადა, რომ მას „ქართული ოცნება“ ხმების გაყალბებას აიძულებდა. ჩირგაძემ ეს განცხადება საჯაროდ 1 ნოემბერს გააკეთა ენმ-ის ოფისში, ბრიფინგზე. თუმცა, მისი თქმით, ენმ-ის წარმომადგენელს 31 ოქტომბერს, ანუ არჩევნების მეორე დღეს, დაურეკა და დეტალები მოუყვა.

ჩირგაძე საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების“ კვოტით მოხვდა, ის რეგისტრატორი იყო — ამომრჩეველთა საერთო სიაში მოქალაქეს ამოწმებდა, მარკირებას უტარებდა და უკვე შემდეგ ბეჭედდარტყმულ ბიულეტენს აძლევდა.

როგორც იზა ჩირგაძე აღწერს, გაყალბების სქემა შემდეგნაირი იყო: უბანზე უნდა შემოსულიყო პირი სხვა ადამიანის პირადობით და სხვის ნაცვლად უნდა მიეცა ხმა.

ჩირგაძის თქმით, მიუხედავად ზეწოლისა და ზარებისა, მას კანონი არ დაურღვევია და არ დათანხმდა ხმების გაყალბებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ აიძულებდა. თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, მისი და მისი ოჯახის წევრების შევიწროება გაგრძელდა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ISFED-მა 2 ნოემბერს განაცხადა, რომ ვერ უკავშირდებოდნენ იზა ჩირგაძეს, თუმცა ტელეკომპანია „ფორმულამ“ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ მათ ჩირგაძეს მიაკვლიეს და იგი უსაფრთხოდაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი