ახალი ამბები

ცერცვაძე განმარტავს, რატომ დაგვიანდა “მწვანე პასპორტების” დანერგვა

3 ნოემბერი, 2021 • 1690
ცერცვაძე განმარტავს, რატომ დაგვიანდა “მწვანე პასპორტების” დანერგვა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, ამ დრომდე რატომ არ დაინერგა ე.წ. მწვანე კოვიდპასპორტების მექანიზმი საქართველოში.

“ნუ ვილაპარაკებთ [ვაქცინაციაზე] საინფორმაციო კამპანიის სიმწირეზე. ამაზე მეტი საინფორმაციო კამპანია, რაც საქართველოში კეთდება, შეუძლებელია. კლინიკური მართვის გარდა, სამი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს პანდემიის მასშტაბებს: პირბადეების გამოყენების დაბალი მაჩვენებელი (45%); ვაქინაციით მოცვა (25%) და ხალხმრავალი შეკრებები. ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. აქამდე იყო ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, ახლა დაემატა პოლიტიკური მოტივით აქციები, თან არა ერთი და ორი, არამედ, როგორც ამბობენ, პერმანენტული. საქართველოში არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ ძნელი იყოს პანდემიის მართვა და შემთხვევებმა კიდევ უფრო მოიმატოს. ამას უშველის მხოლოდ ერთი რამე — მოსახლეობამ გააცნობიეროს, რამხელა საფრთხს წინაშე ვდგავართ და აიცრას”, — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძეს გამოსავლად მიაჩნია ცალკეული ჯგუფების [პედაგოგები, ექიმები, ძალოვნები, ორსულები] სავალდებულოდ აცრა და კოვიდპასპორტების შემოღება.

“იყო კითხვა, რატომ აქამდე არ მიიღო სახელმწიფომ… არ არის ეს საქართველოში იოლი მისაღები. ნახეთ, იტალიაში რა იყო? — დიდი მიტინგები იყო და სახელმწიფოს დასჭირდა წყლის ჭავლის და ცრემლმდენი გაზის გამოყენება იმ ხალხის დასაშლელად, ვინც წინააღმდეგი იყო ამ მწვანე პასპორტების. ახლა, ამ პოლარიზებულ ვითარებაში და უკიდურესად პოლიტიკურად დაძაბულ სიტუაციაში კიდევ მწვანე პასპორტისთვის რომ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოეყენებინა ჩვენს ხელმძღვანელობას, წარმოგიდგენიათ, ამას რა ნეგატიური რეაქცია მოჰყვებოდა? ამიტომ ჩვენი ქვეყანა ფრთხილად დგამს ამ ნაბიჯებს, მაგრამ ახლა დადგა დრო, როდესაც სხვა გზა არ არის და უნდა შემოვიღოთ”, — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, მისთვის, როგორც ექიმისთვის, რჩევის მიცევა უფრო ადვილია, ვიდრე ხელისუფლებისთვის — აღსრულება.

“ადამიანები მეუბნებიან, არ გვინდა შეზღუდვები, დავიღალეთ, გავმწარდით, გვირჩევნია კოვიდით მოვკვდეთ, ვიდრე შეზღუდვებით და ეკონომიკური სიდუხჭირით. ეს არ ნიშნავს, რომ მართლა ურჩევნიათ — ყველა ფიქრობს, რომ კოვიდით სიკვდილი მას არ შეეხება და შეზღუდვები ეხება — მაგრამ ასეთია განწყობა. ამიტომ, ასე იოლად ნუ ჩათვლით, რომ ხელისუფლება არ მიდის არაპოპულარულ ნაბიჯებზე. ძნელია წასვლა”, — თქვა ცერცვაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებლის გასაზრდელად არაპირდაპირი ზემოქმედების საშუალება ასევე არის მწვანე საშვის მექანიზმის დანერგვა, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს და საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაზუსტდება, როდის ამოქმედდება.

“მწვანე საშვის მექანიზმს ახლავს ეთიკური ნაწილი, მთელი რიგი ტექნიკური აღსრულების საკითხები, რაზეც მიდის მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში მზად იქნება ეს სისტემა იმისთვის, რომ გაეშვას”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში “მწვანე ზონების” შემოღებასთან დაკავშირებით მსჯელობა რამდენიმე თვეა გრძელდება. “მწვანე პასპორტებს” ანუ დაწესებულებებში კოვიდსტატუსის შემოწმებით დაშვების პრაქტიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე იყენებენ. Euronews-ის თანახმად, ევროპაში “მწვანე პასპორტები” გამოიყენება ავსტრიაში, ბელგიაში, კვიპროსში, საფრანგეთში, საბერძნეთში, უნგრეთში, ისრაელში, იტალიაში, ლიეტუვაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ირლანდიაში, სლოვენიასა და ესპანეთში.

გარკვეულ შემთხვევებში ჩამოთვლილ ქვეყნებს “მწვანე პასპორტების” გამოყენების განსხვავებული მეთოდები აქვთ, ზოგ ქვეყანაში ეს სავალდებულოა, ზოგან კი, მაგალითად, ნიდერლანდებში, არ არის სავალდებულო, თუმცა მხოლოდ იმ ბიზნესებს აქვთ მკაცრი რეგულაციების გარეშე მუშაობის უფლება, რომლებიც “მწვანე პასპორტებს” იყენებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი