ახალი ამბები

თუ არაფერი შეიცვლება კონსტიტუციაში, შეიძლება უკეთესიც კი იყოს – კობახიძე

2 ნოემბერი, 2021 • 1576
თუ არაფერი შეიცვლება კონსტიტუციაში, შეიძლება უკეთესიც კი იყოს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ვალდებულება არ აქვს.

მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის შეიძლება უკეთესიც კი იყოს, თუ კონსტიტუციაში ცვლილები არ შევა და შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.

ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 2 ნოემბერს, მას შემდეგ განაცხადა, რაც ენმ-ში პარლამენტის დატოვებაზე მსჯელობა დაიწყეს და „ლელოს“ ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა.

„საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ იქნება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მივიღებთ, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი საკითხი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ამიტომ, ეს მათი არჩევანი და გადაწყვეტილებაა.

ჩვენ გვაქვს დღეს დემოკრატიული კონსტიტუცია, სადაც დადგენილია პროპორციული საარჩევნო სისტემა, 5%-იანი დემოკრატიული საარჩევნო ბარიერი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას ბარიერის დაწევაზე, ეს იქნება სამსჯელო თემა. მაგრამ რომ არ შეიცვალოს არაფერი კონსტიტუციაში, ამით დემოკრატიულ განვითარებას არავითარი ზიანი არ მიადგება, შეიძლება უკეთესიც კი იყოს დემოკრატიის განვითარებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ დღეს, 2 ნოემბერს.

დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომელსაც საფუძვლად 19 აპრილის შეთანხმება უდევს, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები 2%-იანი ბარიერითა და სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.


ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და სწორედ ამიტომ, პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ. პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას 1 ნოემბერს პროტესტის ნიშნად პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა.

ენმ-ის რამდენიმე დეპუტატმა უკვე განაცხადა პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ. დეპუტატის მანდატზე უარის შესახებ საჯაროდ განაცხადეს „ლელოს“ ლიდერმა და ასევე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი