ახალი ამბები

ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს

2 ნოემბერი, 2021 • 1078
ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს

ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” აცხადებს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, სანამ მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.

თუმცა, ბოიკოტის მიუხედავად, ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში. ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა დღეს, 2 ნოემბერს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

“ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს რეგლამენტით მონიჭებულ უფლებას და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის პლენარული სხდომების მონაწილეობაში, სანამ სახელმწიფო და ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას და გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მის სიცოცხლეს.

მსურს, რომ ხელისუფლებამ ისევე, როგორც საერთაშორისო პარტნიორებმა, მიიღოს ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ განაცხადი, როგორც ძალიან სერიოზული გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შედის უმძიმეს ვითარებაში და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას როგორც ხელისუფლების, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან”, — განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილის თქმით, ფრაქციამ უკვე მიმართა პარლამენტს ბოიკოტის შესახებ.

მის პოზიციას იზიარებს ფრაქციის წევრი ანა ნაცვლიშვილიც. მისი თქმით, ხელისუფლება არღვევს კანონს, როდესაც სააკაშვილი არ გადაჰყავს ციხის გარეთ მდებარე მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც მისი ჯანმრთელობის რისკებს “გაუმკლავდება”:

“იცით, რომ აქამდე ათობით პატიმარი ყოფილა გადაყვანილი ჯანმრთელობის რისკების გამო სწორედ სამოქალაქო კლინიკაში. ასევე ხაზგასმით გეტყვით, რომ ჩვენ უმძიმეს შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ არა მხოლოდ შესაბამის თანამდებობის პირებს, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს. ამ ვითარებაში, ცხადია, ჩვენ არ ვაპირებთ საპარლამენტო ცხოვრების გაგრძელებას ჩვეულებრივ რეჟიმში”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, სამადაშვილის განმარტებით, ბოიკოტის მიუხედავად, არსებობს “მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას საქართველოს პარლამენტში”. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, სწორედ ასეთი საკითხია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რისთვისაც ფრაქციის წევრები საპარლამენტო უფლებამოსილებას გამოიყენებენ.


ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და სწორედ ამიტომ, პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ. პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა სააპრლამენტო ოპოზიციას 1 ნოემბერს პროტესტის ნიშნად პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. ენმ-ის რამდენიმე დეპუტატმა უკვე განაცხადა პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ. დეპუტატის მანდატზე უარის შესახებ საჯაროდ განაცხადეს „ლელოს“ ლიდერმა და ასევე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი