ახალი ამბები

თუ ძლიერი წახალისება ან შეზღუდვა არ იქნა, მეტი ადამიანი აღარ აიცრება – გამყრელიძე

1 ნოემბერი, 2021 • 1513
თუ ძლიერი წახალისება ან შეზღუდვა არ იქნა, მეტი ადამიანი აღარ აიცრება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება, აცრების რაოდენობა კი დაბალია.

ჟურნალისტებთან საუბარში ის განმარტავს, რომ ბოლო 2 კვირაა ახალი შემთხვევების რაოდენობა არ იკლებს და მერყეობს საშუალოდ 3500 – 4500 შემთხვევას შორის. ამის პარალელურად კი, ქვეყანაში „ძალიან არის მომატებული მობილობა, ბევრი ფაქტორის გამო“.

„სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა უკვე სტაბილურად 40-ს გადასცილდა, მაშინ, როდესაც 30-ზე ქვემოთ ვიყავით ჩამოსული ოქტომბრის დასაწყისში – სექტემბრის ბოლოსკენ. ყველაფერი ეს და, მით უმეტეს, როდესაც ასე რადიკალურად მცირდება აცრის მაჩვენებელი… ყოველდღიურად ივლისში გვქონდა აცრის საშუალო დაახლოებით 7 569, აგვისტოში ეს მაჩვენებელი ავიდა 23 480-მდე, სექტემბერში- 19 119-მდე, ხოლო ოქტომბერში ჩამოვედით 5687-ზე, რაც ძალიან ცუდია“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ის ასევე განმარტავს, რომ ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 33%-ია სრულად ვაქცინირებული, ერთჯერადაა აცრილი 36,5%.

„ჩვენი სამიზნე არის 60% მოზრდილი მოსახლეობის და „დელტა“ შტამზე უკვე 60%-იც საკმარისი არ არის. სასურველია, ეს იყოს 70-80%. ამ რაოდენობით გვექნა[ყოველდღიური აცრები], ვერ მივაღწევთ შედეგს და  ვერ შევაკავებთ ეპიდემიას“, – აცხადებს ის.

გამყრელიძე უფრო ქმედითი ღონისძიების საჭიროებას ხედავს და ამბობს, რომ მართალია, NCDC-ს წარმომადგენლები დადიან რეგიონებში და იზრდება ცნობადობა, მოსახლეობის მიუღებლობა აცრის მიმართ მაინც მაღალია.

„ამიტომ, მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი. ვნახავთ, განიხილავს ამას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება, თუ როგორ უნდა გაიზარდოს აცრის მაჩვენებელი.

ჩვენ ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ, ის, რაც ბევრმა ქვეყანამ გააკეთა… მოგეხსენებათ, ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს ე.წ. ზღვრული მაჩვენებელი იყო 20%, ზოგიერთის- 40% ან 50% . ჩვენთვის ეს აღმოჩნდა 33%-35%-ის ფარგლებში. ანუ ნებაყოფლობით, მეტი ადამიანი, თუ რაღაც ძლიერი წამახალისებელი ან სხვა შემზღუდველი ღონისძიებები არ იქნა შემოღებული, სამწუხაროდ, აცრები აღარ გაიზრდება“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

ასტრაზენეკას 17 000-მდე დოზა გამოუყენებელი დარჩა და ჩამოიწერება – გამყრელიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი