ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი და გადავსებული კლინიკები სომხეთში

1 ნოემბერი, 2021 • 1938
ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი და გადავსებული კლინიკები სომხეთში

ავტორი: ტიგრანუი მარტიროსიანი


“ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვაქცინაციის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებენ. პირადად მე არ მესმის, ეს ხომ კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებაა”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში პოლიტოლოგი  ლევონ შირინიანი.

სომხეთში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში ყოველდღიურად 2000-მდე ახალი დადასტურებული შემთხვევა და რამდენიმე ათეული გარდაცვლილია.

დაავადების გავრცელების ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზად ქვეყანაში აუცრელთა რაოდენობაში ხედავენ. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სომხეთს პირველი ადგილი უკავია ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლით.

რამდენი მოწოდებაც არ უნდა ისმოდეს ხელისუფლების მიერ, რამდენი უხერხულობა და გამოუვალი მდგომარეობაც არ უნდა შეუქმნას მთავრობამ აუცრელ მოქალაქეებს, ადამიანები მაინც ახერხებენ, თავიდან აირიდონ ვაქცინაცია.

უკანასკნელი მონაცემებით, სომხეთში ამ დრომდე მოსახლეობის 16%-ია სრულად აცრილი [მათ შორის, ერთი და ორი დოზით]. შედარებისთვის, საქართველოში ეს მაჩვენებელი 25%-ია, აზერბაიჯანში – 51%.

წყარო: ourworldindata.org

წყარო: ourworldindata.org

სომხეთში ყველა დასაქმებულს, ვისაც არ სურს სამსახურის დაკარგვა, მთავრობის გადაწყვეტილებით ორი ვარიანტი აქვს: ვაქცინაცია ან თვეში ორჯერ PCR ტესტი.

ვინაიდან სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საკუთარი ხარჯებით ტესტის გაკეთება [დაახლოებით, 7 ათასი დრამი – 50 ლარამდე ], საშუალო ხელფასის გათვალისწინებით, დიდი დანახარჯია, შესაბამისად, ხელისუფლებას იმედი გაუჩნდა, რომ ეს ფაქტორი მაინც აიძულებდა ადამიანებს, აცრილიყვნენ. თუმცა შეცდა – სომხეთში მასობრივიად დაიწყეს ვაქცინირებულთა მოწმობების გაყალბება.

პრობლემის მოგვარების მიზნით ხელისუფლება უახლოეს დღებში კიდევ ახალ შეზღუდვებს უწესებს არავაქცინირებულებს: მაგალითად, აუკრძალავს შესვლას ვაქცინაციის ან ტესტის პასუხის გარეშე კაფეებსა და რესტორნებში, გასართობ დაწესებულებებში.

რაც შეეხება ჯანდაცვის და განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციის პროვესს, სომხეთის ჯანდაცვის და განათლების სამინისტროები არ აწარმოებენ სტატისტიკას იმის შესახებ, თუ რამდენი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია ქვეყანაში აცრილი, ან- რამდენი მასწავლებელი.

ამჟამად სომხეთში გამოიყენება ხუთი დასახელების ვაქცინა: რუსული “სპუტნიკი”, ბრიტანულ-შვედური  “ასტრაზენეკა”, ჩინური “კორონავაკი” და “სინოფარმი”, ასევე, ამერიკული კომპანია “მოდერნას” “სპაიკვაქსი”.

ვაქცინის შერჩევა მოქალაქეებს სურვილისამებრ შეუძლიათ.

სპეციალისტები არწმუნებენ მოსახლეობას, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და სიკვდილობას არ იწვევს.

“ამჟამად სომხეთი წითელ ზონაშია. სამწუხაროდ, დაავადება გაახალგზრდავდა და მისი სამიზნე ძირითადად 30-50 წლამდე ასაკი გახდა ჩვენთან. ამასთან, ამჟამად ბევრი ბავშვია, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ. საავადმყოფოები გადატვირთულია, საწოლფონდი- ამოწურული”, – ამბობს სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების  ხელმძღვანელი რომელა აბოვიანი.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ანაიტ ავეტისიანი ფიქრობს, რომ სომხეთში არსებობს გარკვეული წრეები, რომლებიც ვაქცინაციის წინააღმდეგ აგიტაციას ეწევიან, რაც თავის მხრივ, ართულების ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობას ვაქცინაციის მიმართულებით.

მთავრობის ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე მინისტრმა განახდა, რომ “არსებობენ ადამიანები, რომლებიც განზრახ ამახინჯებენ საინფორმაციო სივრცეს, შეჰყავთ მოქალაქეები შეცდომაში და ირაციონალურ შიშს უნერგავენ, რის საპასუხოდაც პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამ ადამიანებს სურთ წარმოაჩინონ, რომ ხელისუფლება ვერ უმკლავდება ვირუსის გავრცელებას.

სომხურენოვან ფეისბუკ მომხმარებლებში მრავალრიცხოვანი არასწორი ინფორმაცია და ამასთან, ერთგვარი “სახალისო” გამოხმაურებები ვრცელდება იმის თაობაზე, რომ “ვაქცინაცია უნაყოფობას იწვევს” და “ვაქცინირებული ქალზე არ უნდა დაქორწინდე”.

62 წლის გაიანე კორონავირუსს 30 დღე ებრძოდა. თავიდან ჩვეულებრივ პალატაში მკურნალობდა, თუმცა, შემდეგ რეანიმაციაში გადაიყვანეს.

ქალი ამბობს, რომ მაშინვე მიხვდა, კორონავირუსი არ იყო ჩვეულებრივი გრიპი: “მძიმე სუნთქვა და საშინელი ხველა მქონდა”.

ქალი ცრელმნარევი იხსენებს იმ დროს, როდესაც აღარ ჰქონდა იმედი, რომ ცოცხალი გავიდოდა საავადმყოფოდან.

“ფილტვის 75% მქონდა დაზიანებული. ექიმები არ მაძლევდნენ იმედს. ჟანგბადის შემცველობა სისხლში ძალიან დაბალი იყო. ამას ემატებოდა თანმხლები დაავადებები და ჩემი ასაკი”, – ამბობს გაიანე.

იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსმა ქალს მძიმე შედეგები დაუტოვა, აცრის გაკეთებას არც ის ჩქარობს. ამბობს, რომ “ვაქცინაში ვირუსია შეყვანილი და არ უნდა, ოდსემე იგივე სიმპტომები გაუმეორდეს”.

“მე არც ვიცი, რომელი ვაქცინა არის ჩემთვის ყველაზე უსაფრთხო და საერთოდაც, უნდა გავიკეთო თუ არა, ბევრი კითხვა მაქვს და პასუხები – არა”.

კორონავირუსი გადაიტანა გაიანეს შვილმაც, რომელიც ასევე ჰოსპიტალიზებული იყო. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, გართულებების გამო მხოლოდ ათი დღის შემდეგ გამოწერეს.

“საშინელ მდგომარეობაში ვიყავით მთელი ოჯახი. დედაჩემი ერთ საავადმყოფოში იწვა, მე – მეორეში. ერთმანეთის შესახებ არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია. ყოველდღე ნემსებს მიკეთებდნენ, წამლებს მასმევდნენ. როგორც იქნა, გამოვჯანმრთელდი”, – გვეუბნება ქალი, რომელიც უკვე ვაქცინირებულია და იმავეს ურჩევს დედას, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.

სომხეთის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარე, სამედიცინო მეცნიერებათა კანდიდატი არმენ სოგოიანი მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელთაც კომპეტენტური სამედიცინო ცოდნა არ აქვთ.

“ვაქცინა მსოფლიოში ერთადერთი საშუალებაა ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. მედიცინას უფრო უკეთესი და საიმედო ჯერ არაფერი შეუქმნია.

ვაქცინაციის მავნებლობის შესახებ სომხეთში დღეს საუბრობენ ადამიანები, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ მედიცინასთან. იმასაც ვისმენთ, რომ ვაქცინაცია თურმე რაღაც ბნელი ძალების კამპანიაა იმისთვის, რომ ადამიანებს არ ჰყავდეთ შვილები და უბრალოდ დაიხოცონ. თუკი თქვენი ინფორმაციის წყარო ეს გაუგებარი თეზისებია, მაშინ წარმოდგენა არ გაქვთ, რაზე საუბრობთ”, – მიმართავს მოქალაქეებს არმენ სოგოიანი.

რატომ არ დგამს ფაშინიანის ხელისუფლებ უფრო ხისტ ნაბიჯებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, რისი ეშინია?

პოლიტოლოგი ლევონ შირინიანი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რას უცდის ხელისუფლება და რატომ არ ზღუდავს, განვითარებული ქვეყნების მსგავსად, აუცრელთა მიმართ შეზღუდვების დაწესებას?

ამასთან, პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება თავიდან ირიდებს ახალ ეკონომიკურ პრობლემებს ქვეყანაში, რადგანაც არჩევანის წინაშე მდგარი ადამიანების ნაწილს ურჩევნია სამსახური დატოვონ, ვიდრე აიცრას. შესაბამისად, ფაშინიანი და მისი მთავრობა, მისი ხედვით, არ დგამს ხისტ ნაბიჯებს.

“ამ წელს 10%-იანი ეკონომიკურ ზრდა დააანონსა ხელისუფლებამ, რასაც ვერ განახორციელებს, თუკი ჩვეული ცხოვრების რიტმი შენელდება”.

ამასთან, პოლიტოლოგი დარმწუნებულია, რომ ხელისუფლებას გარკვეული კატეგორიებისთვის სავალდებულო აცრების შემთხვევაში იმიჯის გაუარესების არ ეშინია, რადგან უხლოეს დროში ქვეყანაში არჩევნები არ არის მოსალოდნელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი