ახალი ამბები

EECMD წალენჯიხაში “დემოკრატიის ჰაბს” გახსნის

1 ნოემბერი, 2021 • 2534
EECMD წალენჯიხაში “დემოკრატიის ჰაბს” გახსნის

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) წალენჯიხაში ახალ ოფისს – “დემოკრატიის ჰაბს” გახსნის. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

EECMD-ის განმარტებით, “დემოკრატიის ჰაბი” იქნება სივრცე, სადაც ახალგაზრდებისთვისა და აქტიური, სამოქალაქო ინიციატივებით, საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის მოეწყობა შეხვედრები და სემინარები დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და პოლიტიკური საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით.

„EECMD ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკური აქტორების შესაძლებლობების განვითარების, პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და დემოკრატიული კულტურის გაძლიერების ხელშემწყობი.
თუმცა ეფექტური დემოკრატიის შექმნა ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობის გარეშე ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური გაძლიერების მხარდაჭერისთვის, ვხსნით ახალ ოფისს.

ჩვენი მიზანია ახალგაზრდების, საჯარო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის მხარდაჭერა და თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების წახალისებაა“, – ნათქვამია ორგანიზაციის გაბნცხადებაში.

EECMD მხარს უჭერს პოლიტიკურ პარტიებს, აქტივისტებს და დემოკრატიულ რეფორმებს აღმოსავლეთ ევროპაში. ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც EECMD ახორციელებს, partiebi.ge არის, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა თუ მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.

წალენჯიხა ერთადედერთი ქალაქია, სადაც არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატი იმარჯვებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, დათვლილია უბნების 100%. ამ შედეგებით, ხარჩილავას ხმათა 51.107% აქვს, მის კონკურენტს “ქართული ოცნებიდან”, გოგა გულორდავას კი — 48.893%.

მასალების გადაბეჭდვის წესი