ახალი ამბები

დეკანოიძე რამდენიმე უბნის გაუქმებას და ბათილი ბიულეტენების გადათვლას ითხოვს

31 ოქტომბერი, 2021 • 1508
დეკანოიძე რამდენიმე უბნის გაუქმებას და ბათილი ბიულეტენების გადათვლას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ქუთაისში რამდენიმე უბნის შედეგების გაბათილებასა და ასევე, ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლას მოითხოვს.

ამის შესახებ დეკანოიძემ დღეს, 31 დეკემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღეს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უბნების შედეგებს გაასაჩივრებენ როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში, ისე — სასამართლოში და ბოლომდე გაივლიან ყველა სამართლებრივ ეტაპს.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ქუთაისში საარჩევნოდ 124 უბანი იყო გახსნილი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მას 2 222 ხმით გაუსწრო.

„ქუთაისში ბათილი ბიულეტენების საერთო რაოდენობა იყო 2 396, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე სხვაობა კანდიდატებს შორის“ — აღნიშნა დეკანოიძემ. მისი თქმით, ძირითადად, გაბათილებულია ისეთი ბიულეტენები, რომელზეც ოპოზიციის კანდიდატი, ანუ ხატია დეკანოიძეა შემოხაზული. გარდა ამისა, როგორც ის ამბობს, 124 საარჩევნო უბნიდან 20-ში დააფიქსირეს ოქმებში დისბალანსი. ენმ ამ 20 უბნის გაუქმებას მოითხოვს ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ კი სასამართლოში.

დეკანოიძის თქმით, მეორე ტურში საეჭვო იყო და შესაბამისად, ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავა კოვიდუბანმა, სადაც ხმას კორონავირუსით ინფიცირებული, წინასწარ რეგისტრირებული ადამიანები აძლევდნენ ხმას.

„კოვიდუბანზე რეგისტრირებული 518 ადამიანიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 441-მა და მათგან მხოლოდ 68 ხმა მიიღო ოპოზიციურმა კანდიდატმა, 356 კი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა“ — აღნიშნა დეკანოიძემ. მისივე ინფორმაციით, ამ უბანზე იყო დისბალანსიც, რის გამოც უბნის გაბათილებას ითხოვს, რადგან გარდა დისბალანსისა, დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა.

დეკანოიძე პრობლემურად ასახელებს ციხეში გახსნილ საარჩევნო უბანსაც, სადაც ოპოზიციას მეთვალყურეობის და კონტროლის მექანიზმი არ ჰქონდა. აქ რეგისტრირებული 155 ადამიანიან 123-მა ხმა მისცა სახელისუფლებო კანდიდატს.

ენმ-ის მერობის კანდიდატი არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ მიიჩნევს გადასატან ყუთს, რომელზეც 3 416 ადამიანი იყო დარეგისტრირებული. დეკანოიძის ცნობით, ოპოზიციის მხარდამჭერებს შეზღუდული ჰქონდათ გადასატან ყუთზე რეგისტრაციის საშუალება და ამიტომ, ის ვარაუდობს, რომ ეს მანიპულაციისთვის იქნებოდა გამოყენებული იმ ფონზე, როცა გამარჯვებულად გამოცხადებული კანდიდატი ოპოზიციის კანდიდატს 2 222 ხმით უსწრებს.

დეკანოიძე ასევე მოითხოვს მე-14, 37-ე, მე-40, 41-ე, 43-ე, 69-ე, 70-ე და 71-ე უბნების შედეგების ბათილად გამოცხადებას, რადგან, მისივე თქმით, აქ აშკარა იყო ამომრჩეველზე ზეწოლის და მათი ნების კონტროლის შემთხვევები.

მასალების გადაბეჭდვის წესი