ახალი ამბები

დამკვირვებლებს გადაადგილებას უზღუდავენ | საიამ 17 საჩივარი დაწერა

30 ოქტომბერი, 2021 • 1137
დამკვირვებლებს გადაადგილებას უზღუდავენ | საიამ 17 საჩივარი დაწერა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 16:00 საათისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 17 საჩივარი და 9 შენიშვნა დაწერეს.

საია-ს ცნობით, დარღვევები გამოვლინდა დამკვირვებლებისთვის მოვალეობის შესრულებისას დაბრკოლებების შექმნაში:

  • გრძელდება პირველი ტურის ტენდენცია, რომელიც გარკვეულ უბნებზე საიას დამკვირვებლებისთვის დაბრკოლებების შექმნაში გამოიხატება როგორც კომისიის წევრების, ისე სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან:
  • რუსთავის მე-20 უბანზე რეგისტრატორი იწერდა გამოცხადებული ამომრჩევლის რიგით ნომრებს, რაზეც, არაერთი ზეპირი გაფრთხილების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია. მას შემდეგ, რაც დამკვირვებელმა ჩანაწერთა წიგნში დარღვევა დააფიქსირა, კომისიის წევრებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს;
  • სენაკის 41-ე უბანზე დამკვირვებელს, არაერთი თხოვნის მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ხელს უშლიდნენ მოვალეობის შესრულებაში და არ აძლევდნენ უფლებას, რომ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს გასცნობოდა;
  • სენაკის მე-13, მე-14 და 72-ე უბნებზე საიას დამკვირვებლებს არ აძლევენ თავისუფლად გადაადგილებისა და დაკვირვების საშუალებას.

საია-მ დარღვევები გამოავლინა სხვა მიმართულებითაც, კერძოდ:

  • რუსთავის 50-ე უბანზე რეგისტრატორი ინიშნავდა გამოცხადებული ამომრჩევლის რიგით ნომერს სამაგიდო სიაში;
  • მარტვილის 35-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარე კაბინაში შეჰყვა მოქალაქეს და, მისი თქმით, დახმარების მიზნით დაესწრო ხმის მიცემის პროცესს;
  • ნაძალადევის 74-ე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გამოუყენებელი ბიულეტენები აკლდა, კერძოდ, 40 ბიულეტენიდან 35 იყო გამოყენებული, დარჩენილი 5-დან 3 დაიკარგა.
  • საია-ს ინფორმაციით, დამკვირვებლებმა აღრიცხეს ისეთი დარღვევებიც, რომლებიც ზეპირი ან წერილობითი შენიშვნის შემდეგ გამოსწორდა. მათ შორის, მარკირების წესების დაუცველობა, ამომრჩეველთა ნების კონტროლი, გადასატანი საარჩევნო ყუთის დაულუქავ მდგომარეობაში დაბრუნება, საჯაროდ გამოსაქვეყნებელი საარჩევნო დოკუმენტაციის (ბიულეტენის შევსების და ბათილობის წესები, სადემონსტრაციო ოქმის მონაცემები და გადასატანი ყუთის სია) არასათანადოდ განთავსება, ფოტო/ვიდეოგადაღება იმგვარად, რომ შესაძლებელია ამომრჩეველთა იდენტიფიკაცია, არაუფლებამოსილი პირის ყოფნა უბნის ტერიტორიაზე.

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ზეწოლა ხდება მედიის წარმომადგენლებზეც. საია-ს განცხადებით, მოვლენების გაშუქებისას ჟურნალისტებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და არ მისცეს შესაძლებლობა, თავისუფლად შეესრულებინათ თავიანთი პროფესიული მოვალეობა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2021 წლის 30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ქვეყნის მასშტაბით 9 მუნიციპალიტეტში 300-მდე საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი