ახალი ამბები

ზუგდიდში ანი წითლიძე პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა უბნის ტერიტორიიდან

30 ოქტომბერი, 2021 • 1485
ზუგდიდში ანი წითლიძე პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა უბნის ტერიტორიიდან

ზუგდიდში, 21-ე საარჩევნო უბანთან დაპირისპირების შემდეგ პოლიციელებმა ენმ-ის ადგილობრივი ოფისის ლიდერი, ანი წითლიძე ძალის გამოყენებით გაიყვანეს უბნის ტერიტორიიდან.

ამას წინ უძღოდა უბანზე დაპირისპირება და საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ენმ-ის კვოტით დანიშნული კომისიის წევრის, 2 ჟურნალისტისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის ერთი წარმომადგენლის გაძევება.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ აღნიშნული 4 პირი დილიდან ხელს უშლიდა საარჩევნო პროცესს, რასაც კომისიის წევრები მთელი დღის განმავლობაში „ითმენდნენ“, თუმცა მოგვიანებით „ზედმეტი მოუვიდათ“, „სხვების პირად ნივთებში იქექებოდნენ“ და ხელშეშლის გამო მათი გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.

კობა ცეკვაშვილი, საუბნო კომისიის წევრი ენმ-დან, რომელიც გააძევეს, „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამას უარყოფს და ამბობს:

„არაფერს არ ვაკეთებდი, ვუყურებდი საარჩევნო ყუთს, ამ არეულობაში რამე არ მომხდარიყო. ამ დროს თითი გამოიშვირა თინათინ კაკაჩიამ, „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით იმყოფებოდა უბანზე, გაძევებული ხარ, ხელს გვიშლიო“.

ცეკვაშვილის თქმით, გაძევების რეალური მიზეზი შემდეგი იყო: „რამდენიმე ამომრჩეველი, რომელსაც უკვე ჰქონდა მარკირების სითხე, არ შევუშვი უბანზე, კარებთან ვიდექი“, – ამბობს იგი.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

ლაივპრესის ცნობით, „მწვანე დედამიწის“ დამკვირვებელმა თინათინ კაკაჩიამ განაცხადა, რომ მას ბლოკნოტი მოჰპარეს, ხოლო შემდეგ ნახა, რომ ამ ბლოკნოტს წითლიძე მედიის თანდასწრებით ათვალიერებდა.

ამის შემდეგ პოლიცია მივიდა ენმ-ის დამკვირვებელთან, ხოლო ანი წითლიძემ განაცხადა, რომ პოლიციას განმარტების გარეშე მისი გაყვანის უფლებას არ მისცემდა.

„თქვენ არა გაქვთ უფლება, წაიყვანოთ ეს ადამიანი ისე, რომ განმარტება არ გააკეთოთ“, – უთხრა წითლიძემ პოლიციის წარმომადგენლებს.

წითლიძემ პოლიციელებს მიმართა: „ბლოკნოტის ამბავი გაინტერესებთ? მე ავიღე ის ბლოკნოტი პირადად“, – განაცხადა პარლამენტარმა.

ამის შემდეგ ენმ-ის დამკვირვებელიც და წითლიძეც პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში. პოლიციაშია გადაყვანილი კაკაჩიაც.

როგორც წითლიძე ფეისბუკზე წერს, „დაგვაკავეს მე და ჩემი წარმომადგენელი უბანზე იმის გამო, რომ არ დავუშვით კარუსელი“.

მან ჟურნალისტებს აცნობა, რომ მალე დატოვებს განყოფილებას და მომხდართან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი